კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. რომის ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში.
აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში დაბადებული, 69 წლის რომის ახალი პაპი რობერტ პრევოსტი, რომელიც ცნობილი იქნება როგორც პაპი ლეო XIV, ვატიკანის აივანზე უკვე გამოჩნდა და მრევლს მიესალმა.
მანამდე, სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ რომის პაპი აირჩიეს.
„მშვიდობა სუფევდეს ყველა თქვენგანში“, – თქვა ახალმა პაპმა ვატიკანის აივნიდან.
კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა.
ჩიკაგოში დაბადებული რობერტ პრევოსტი რეფორმატორად ითვლება და მრავალი წლის განმავლობაში პერუში მისიონერად მუშაობდა, სანამ იქ არქიეპისკოპოსი გახდებოდა. ის კარდინალად პაპმა ფრანცისკემ 2023 წელს აკუთხა. 2025 წლის თებერვალში რომის პაპმა ის კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა და რომის პროვინციაში, ალბანოს ეპარქიაში განაწესა.
რომის პაპის არჩევის პროცედურა გასაიდუმლოებულია. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს აკრძალული ჰქონდათ გარე სამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია – ინტერნეტზე, ტელეფონებსა და მედიაზე წვდომა.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.