GUARDIANGE – პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი აცხადებს, რომ ისლამაბადმა ინდოეთის იერიშებს მათი თვითმფრინავების ჩამოგდებით უპასუხა, რასაც ოფიციალური დელი არ ადასტურებს. ეს იყო „ჩვენი მხრიდან მათდამი პასუხი“, – განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ერისადმი მიმართვაში.
ოფიციალური ისლამაბადის ცნობით, 31 ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა პაკისტანსა და პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირში განხორციელებული საჰაერო დარტყმების, ასევე, კონტროლის ხაზის გასწვრივ გახსნილი ცეცხლის შედეგად.
ინდოეთის არმიამ კი განაცხადა, რომ პაკისტანის მიერ დე-ფაქტო საზღვრის მის მხარეს დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ინდოეთი აცხადებს, რომ 7 მაისს, ღამით, სარაკეტო დარტყმები გასულ თვეს პაჰალგამში ინდოელ ტურისტებზე მომხდარი სასიკვდილო ტერორისტული თავდასხმის საპასუხო ნაბიჯი იყო – ისლამაბადი კი, უარყოფს ამაში ჩართულობას.
ინდოეთის მიერ მართულ ქაშმირში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლიანი დაპირისპირება, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ორივე, ინდოეთი და პაკისტანი ქაშმირს მთლიანად თავის ტერიტორიად მიიჩნევს.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ