ახალქალაქის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, საქართველოს ხელოვანთა კავშირის მიერ ორგანიზებულ, კლასიკური მუსიკის ყოველწლიურ ფესტივალ-კონკურს „მომავლის ვარსკვლავებში“ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.
„მომავლის ვარსკვლავების“ გალა კონცერტსა და დასკვნით დაჯილდოებაში ,მუნიციპალიტეტიდან ორი მოსწავლე მონაწილეობდა. სხვადასხვა კატეგორიაში გამართულ კონკურსში, ახალქალაქელმა ვალერია სტელმაშოვამ პირველი კატეგორიის საფეხურზე მეორე ადგილი დაიკავა. ხოლო, ვარდან კალევონჯიანმა- მეოთხე კატეგორიის საფეხურზე მეორე ადგილი.
ახალქალაქის ა(ა)იპ „სამუსიკო სკოლის“ დირექტორსა და პედაგოგს, სვეტლანა კაროიანს, სამუსიკო ხელოვნების განვითარებასა და თაობების წინაშე გაწეული თვალსაჩინო დამსახურებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ აქტიურ და მაღალპროფესიულ დაწესებულებას წარმოადგენს, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ცოდნას დაეუფლონ საფორტეპიანო, საგუნდო და აკორდეონის ინსტრუმენტების მიმართულებით.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, სამუსიკო სკოლასა და მის ნიჭიერ მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


