წელს იანვარ-მარტში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
„წარმატებით დასრულდა ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოში. პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 1 300 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. აქედან მილიონამდე ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 2.2 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ, ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, პროპორციულად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც ასევე ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა – საქართველომ პირველ კვარტალში ტურიზმის სექტორიდან 826 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლების ზრდის დინამიკას, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შემოსავლებმა 2019 წლის პირველი კვარტლის დონეს – 42.8 პროცენტით, ხოლო 2024 წლის მონაცემებს კი 2.3 პროცენტით გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტების რიცხვი გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ნიდერლანდებიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, აგრეთვე ისრაელიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.
„საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებში, რათა მუდმივად იზრდებოდეს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა, ხდებოდეს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ გასული პერიოდში აქტიური სამუშაოები აწარმოა ქვეყანაში ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიების შემოსაყვანად. შედეგად, დღეს საქართველოში 60 ავიაკომპანია 100-მდე პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში.
„ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, მათ შორის, როგორებიცაა „ბრიტიშ ეარვეისი“, „იზიჯეტი“, „ედელვაისი“, ხელს უწყობს ახალი სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების შემოდინებას, ასევე ჩვენი პოლიტიკის გაძლიერებას, რაც გულისხმობს დივერსიფიკაციას და კიდევ უფრო მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტის მოზიდვას. სიახლეები ავიაციისა და ტურიზმის სექტორში განაპირობებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები მიმდინარე წლის ბოლომდე და დარწმუნებულები ვართ, რომ ტურიზმის ინდუსტრია და ავიაციის სექტორი 2025 წლის ბოლოს ახალ წარმატებებს მიაღწევს“, – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.