Thursday, April 24, 2025
12.8 C
Tbilisi

ცესკო-ს თავმჯდომარისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრაზე 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის ცნობით, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ ეუთო-ს გენერალურ მდივანსა და დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია როგორც გასული წლის არჩევნების, ისე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ.

„ცესკო-ს თავმჯდომარემ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვის შესახებ. განიხილეს აღნიშნულ არჩევნებზე არსებული გამოწვევები.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო/ოდირ-ის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირ-თან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივ ძალისხმევას საარჩევნო პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ასევე 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი შარაბიძემ დეტალურად ისაუბრეს, როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია როგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკურ-ლოგისტიკური მიმართულებით არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე ზოგადად არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები. შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

ცესკო-ში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე, ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი ტერი ჰაკალა, კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორი კატერინე ფეარონი და გენერალური მდივნის სპეციალური მრჩეველი ზეინეპ ცელიკელი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები