Saturday, April 19, 2025
17.8 C
Tbilisi

მარკო რუბიო იმუქრება, რომ აშშ ძალიან მალე გადგება განზე რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებიდან, თუკი არ იქნება ზავის დადების მყისიერი ნიშნები

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მცდელობაზე რამდენიმე დღეში იტყვის უარს, თუ არ იქნება ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და ზავის დადების მკაფიო ნიშნები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს ომის დასრულებაში დახმარება, მაგრამ მზად არის გამოეთიშოს პროცესს, თუ არ იქნება პროგრესის მყისიერი ნიშნები.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ მცდელობის გაგრძელებას კვირების და თვეების განმავლობაში“, – თქვა რუბიომ და დასძინა, რომ აშშ-ს „სხვა პრიორიტეტები აქვს, რომლებზეც უნდა ფოკუსირდეს“.

ეს კომენტარები რამდენიმე საათში გაკეთდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ პირველი ნაბიჯი გადადგა მინერალების გარიგების ხელმოწერისკენ ვაშინგტონთან, რომელიც უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საინვესტიციო ფონდის შექმნას აპირებს.

17 აპრილს პარიზში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, რუბიომ ჟურნალისტებს 18 აპრილს უთხრა: „ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ ახლა – და მე ვსაუბრობ დღეებზე – შესაძლებელია თუ არა ეს მოკლევადიან პერიოდში. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენ უბრალოდ ვაპირებთ  განზე გადგომას“.

„ეს არ არის ჩვენი ომი. ჩვენ არ დაგვიწყია. შეერთებული შტატები ბოლო სამი წლის განმავლობაში ეხმარებოდა უკრაინას და ჩვენ გვინდა, რომ ეს დასრულდეს, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ომი“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მისი თქმით, ცხადია, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, მაგრამ საჭიროა ნიშნების არსებობა, რომ ეს შესაძლოა, მალე მოხდეს.

რუბიოს ეს კომენტარები უკრაინისა და აშშ-ის მიერ 17 აპრილს გაფორმებულ ურთიერთგანზრახვის მემორანდუმს მოჰყვა, რომელიც უკრაინის მთავრობამ გამოაქვეყნა. მემორანდუმში ნათქვამია, რომ ქვეყნები ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში აპირებენ შექმნან საინვესტიციო ფონდი უკრაინის რეკონსტრუქციისათვის. მიზანი გარიგების 26 აპრილამდე დასრულებაა, ნათქვამია მემორანდუმში.

როგორც BBC აღნიშნავს, დოკუმენტი არ იძლევა დეტალებს ბუნებრივი რესურსების შესახებ, მაგრამ ადრე გამოჟონილი ინფორმაციებით თუ ვიხელმძღვანელებთ, გარიგება გაფართოვდა და მინერალების გარდა, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ასევე ნავთობისა და გაზის კონტროლს მოიცავს.

მემორანდუმი ნაბიჯია შეთანხმებისკენ, რომელიც აშშ-ს უკრაინის კრიტიკული მინერალების, ასევე ნავთობისა და გაზის მიღების საშუალებას მისცემს.

კიევის შეფასებით, მსოფლიოში არსებული „კრიტიკული ნედლეულის“ დაახლოებით 5% უკრაინაშია.

უკრაინაზე 7% მოდის ევროპის ტიტანის, მსუბუქი წონის ლითონის, რომელიც გამოიყენება ყველაფრის მშენებლობაში – თვითმფრინავებიდან დაწყებული, ელექტროსადგურებით დამთავრებული.

უკრაინაშივეა  ევროპის ლითიუმის მთელი მარაგების მესამედი, რომელიც ამჟამინდელი აკუმულატორების ძირითადი კომპონენტია.

უკრაინაში აღმოჩენილი სხვა ელემენტები ასევე მოიცავს ბერილიუმსა და ურანს, რომლებიც გადამწყვეტია ბირთვული იარაღისა და რეაქტორებისათვის.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები