ჩვენ, ვინც ვართ ნორმალური, პროდასავლური, რეალურად ანტიქოცური პოლიტიკური პარტიები, გვაქვს ერთი პოზიცია, როგორც ამ კრიმინალურ რეჟიმთან დაკავშირებით, ისე ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არმიცემასთან დაკავშირებით, ღალატის კომისიასთან და არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე ყველას გვაქვს პრაქტიკულად ერთი დამოკიდებულება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ხუთი თვე ჰქონდა, რომ ოპოზიციური პარტიების კოორდინაცია მოეხდინა.
„ქალბატონ სალომეს ხუთი თვე ჰქონდა, რომ ის კოორდინაცია განეხორციელებინა, თითქოს პარტიების გამთლიანებას ცდილობდა, მაგრამ ამ ხუთი თვის თავზე გვითხრა, რომ საერთოდ ერთიანობის იდეა თურმე შემოგდებული ყოფილა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები გამოვთქვით. არ გვინდა, რომ ზედმეტი ვილაპარაკოთ ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით, ჩვენი სამიზნე არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის. ჩვენი მოქმედება, სიტყვა და საქმე მიმართულია მოღალატეთა რეჟიმის პროპაგანდის გასაბათილებლად, მათ სამხილებლად და მათ წინააღმდეგ მშვიდობიანად საბრძოლველად იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე, ყველამ ერთად მივაღწიოთ იმ მიზანს, რომ ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმი ხელისუფლებიდან გავუშვათ, საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ბარამიძემ.