განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელეს.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებსა და სტიპენდიატებს კანონით განსაზღვრული ანაზღაურება გაეზრდებათ, ხოლო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შესაძლებლობა მიეცემა აირჩიოს წევრ-კორესპონდენტები.
მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ როგორც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსებისთვის სახელფასო უზრუნველყოფა განისაზღვროს არანაკლებ 2000 ლარით, ხოლო ორივე აკადემიის სტიპენდიატებისა და წევრ-კორესპონდენტებისთვის, აღნიშნული თანხა, ნაცვლად დღეს არსებული 1000 და 900 ლარისა, 1250 ლარით განისაზღვროს.
„ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ცვლილებები სახელფასო მინიმუმთან დაკავშირებით, ძალაში შევიდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს.
სხდომაზე „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის და 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
საკითხი კომიტეტის წევრებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ანა მღებრიშვილმა წარუდგინა.
მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.