Wednesday, April 16, 2025
7.8 C
Tbilisi

საქართველოში აკადემიკოსს ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 2000 ლარის ოდენობით დაენიშნება, აკადემიის წევრ-კორესპონდენტს – თვეში არანაკლებ 1250 ლარის ოდენობით, ხოლო აკადემიის სტიპენდიატს არანაკლებ 1250 ლარის ოდენობით

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

კანონპროექტის ზოგადი პრინციპები კომიტეტის წევრებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გააცნო.

კანონში ცვლილების შეტანის შედეგად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებსა და სტიპენდიატებს კანონით განსაზღვრული ანაზღაურება გაეზრდებათ, ხოლო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას წევრ-კორესპონდენტების არჩევის შესაძლებლობა მიეცემა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ბოლო წლებში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპია და ამ რეალობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსების, აკადემიის წევრ-კორესპონდენტების და სტიპენდიატების კანონით დადგენილი მინიმალური ანაზღაურების კორექტირება მოხდეს მათი გაზრდის მიმართულებით. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის მინიმალური ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ, რომ მათი ოდენობები ასევე გაუთანაბრდეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის ანაზღაურების ოდენობებს.

ამგვარად, კანონპროექტის თანახმად, აკადემიკოსს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 2000 ლარის ოდენობით, აკადემიის წევრ-კორესპონდენტს – თვეში არანაკლებ 1250 ლარის ოდენობით, ხოლო აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1250 ლარის ოდენობით.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები