ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამმიმ განაცხადა, როგორც ეს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც სანქციები დაუწესა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ასევე, საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, რომელმაც ძირფესვიანად არ გამოიძია მომიტინგეების დარბევის ფაქტები.
გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამამისად, დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი თანამდებობის პირის წინააღმეგ სანქციების პაკეტი გამოაცხადა, აღნიშნული პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ. სანქციები მათ შორის დაუწესდათ საქართველოს გენერალურ პროკურორს და საქართველოს სპეციალური საგამოიძებო სამსახურის უფროსს, ვინაიდან მათ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზედმიწევნით არ გამოიძიეს სერიოზული ძალადობის ფაქტები.
გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებიც გამოწვეული იყო საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ქმედებებით. საპასუხოდ, ხელისუფლებამ დაიწყო აქციების აგრესიული დარბევა, თავდასხმები და თვითნებური დაკავებები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
დღევანდელი განცხადება 2024 წლის დეკემბერში გამოცხადებული სანქციების გაგრძელებაა, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფოს ადამიანის უფლებათა დაცვის რეგულაციების შესაბამისად საქართველოს თანამდებობის ხუთ პირს დაუწესა, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობისთვის.
ჩვენი ქმედებები თანხვედრაშია დიდი ბრიტანეთის მთავრობის საერთაშორისო საქმიანობასთან, რომლის მიზანია დაიცვას ადამიანის უფლებები რათა შემცირდეს გლობალური არასტაბილური გარემო და მოხდეს საფრთხეების არიდება გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთოების დასაცავად – ეს პრემიერ მინისტრის „ცვლილებების გეგმის“ ფუნდამენტური ნაწილია“, – ნათქვამია საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს საელჩოს თანახმად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამმიმ განაცხადა:
„მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ.
დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა“.