GUARDIANGE – აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ფინანსური ბაზრებზე აქციების ფასები რამდენიმე საათში მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 90-დღიანი პაუზა გამოაცხადა იმ ქვეყნებზე, რომელთაც შეერთებული შტატებისთვის საპასუხო ტარიფები არ დაუწესებიათ.
იაპონიის Nikkei 225-ის ინდექსი 8%-ზე მეტით გაიზარდა. ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, რეგიონმა „უდიდესი შვებით ამოისუნთქა“.
ამ დროისთვის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საფონდო ბირჟებზე ყველგან აქციების ზრდა ფიქსირდება:
Nikkei 225 (იაპონია) +8.3%
Kospi (სამხრეთ კორეა) +5.6%
Shanghai Composite (ჩინეთი) +1%
Hang Seng (ჰონგ-კონგი) +2.6%
Taiex (ტაივანი) +9.2%
ASX200 (ავსტრალია) +4.6%
ეკონომიკური არეულობის შემდეგ, აშშ-ში, უოლ სტრიტმა ისტორიული მოგება ნახა 9 აპრილს, მას შემდეგ, რაც ტარიფების ამოქმედებაზე 90-დღიანი პაუზა გამოცხადდა. თუმცა, ჩინეთისთვის ტარიფების ზრდა კვლავ გრძელდება. ტრამპი ჩინეთს, მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდ ეკონიმიკას, კიდევ უფრო მაღალ – 125%-იან გადასახადს აკისრებს მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პეკინმა ტრამპის საპასუხოდ, აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე თავდაპირველად გამოცხადებული 34%-იანი გადასახადი გაზარდა და 84%-იანი ტარიფი დააწესა.
ამასთან, ქვეყნების უმრავლესობისთვის დაწესებული „უნივერსალური 10%-იანი“ გადასახადი კვლავ ძალაში რჩება.
„ჩინეთის მიერ მსოფლიო ბაზრების მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობის გამო, ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი იზრდება 125%-მდე, რომელიც ძალაში შედის დაუყოვნებლივ. რაღაც მომენტში, იმედია, უახლოეს მომავალში, ჩინეთი გააცნობიერებს, რომ აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძარცვის დღეები აღარ არის მდგრადი ან მისაღები.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა აშშ-ის წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობის, ხაზინისა და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის დეპარტამენტებს, რათა მოლაპარაკებები აწარმოონ ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, სავალუტო მანიპულაციასა და არამონეტარულ ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებს, ჩემი ძლიერი რეკომენდაციით, არ გაუტარებიათ არანაირი ფორმით საპასუხო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ, დავამტკიცე 90-დღიანი პაუზა და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება საპასუხო ტარიფები 10%-მდე, ეს გადაწყვეტილებაც დაუყოვნებლივ შედის ძალაში“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
თეთრ სახლში ღონისძიებაზე გამოსვლისას კი, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „სამართლიანი შეთანხმებები“ დაიდება ჩინეთთან და ყველა სხვა ქვეყანასთან, თუმცა სავაჭრო ომი მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის შენელების ნიშნებს არ აჩვენებს. პეკინმა პირობა დადო, რომ „ბრძოლას ბოლომდე განაგრძობს“, ვაშინგტონმაც ასევე აღნიშნა, რომ უკან არ დაიხევს.
გარდა ტარიფებისა, ჩინეთმა ასევე დააწესა შეზღუდვები ათეულზე მეტი ამერიკული კომპანიისთვის, რაც მათ შორის, კრძალავს მათი ხელმძღვანელების ჩინეთში შესვლას ან ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას.
აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გამწვავების ფონზე, პეკინი თავის მოქალაქეებს აშშ-ში მოგზაურობის შესახებ აფრთხილებს.
ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ გაავრცელა სამოგზაურო რჩევები, რომელშიც თავის მოქალაქეებს ეუბნება, რომ აშშ-ში გამგზავრებამდე „სრულად შეაფასონ რისკები“, ხოლო თუ წასვლას მაინც გადაწყვეტენ, „ფრთხილად იმოგზაურონ“.
აშშ-ის მიერ უნივერსალური ტარიფების დაწესების შემდეგ დელეგაციები იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან, იტალიის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში მომავალ კვირას ჩავა. თეთრი სახლის განცხადებით, ისრაელის „პროაქტიული მიდგომა“ აშშ-სთან ახალი სავაჭრო შეთანხმებების მიღწევის მიმართ, ყველასთვის შეიძლება სამაგალითო გახდეს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი საერთაშორისო ტარიფების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, თეთრმა სახლმა 8 აპრილს ნათლად განაცხადა, რომ ახალი სავაჭრო მოლაპარაკებების კარი ფართოდ არის ღია, მაშინაც კი, თუ ზუსტი ფორმულა, რომელიც მოითხოვს გადასახადებისგან გათავისუფლებას, გაურკვეველია.
„ეს ქვეყნები გვირეკავენ. ტრ…ზე მკოცნიან. ისინი ლამის კვდებიან შეთანხმების მისაღწევად“, – უთხრა ტრამპმა „რესპუბლიკელების“ ჯგუფს 8 აპრილს, საღამოს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ ტარიფები ამოქმედდებოდა. მან აღნიშნა, რომ უცხოელი ლიდერები ძირითადად ცდილობენ თავიდან აიცილონ ახალი ტარიფები: „გთხოვთ, გთხოვთ, ბატონო, დავდოთ გარიგება. ყველაფერს გავაკეთებთ, ბატონო“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის დაწესებული 10%-დან 50%-მდე ტარიფები, მათ შორის ჩინეთისთვის, მსოფლიოს ყველაზე დიდი ექსპორტიორი სახელმწიფოსთვის, 104%-იანი ტარიფი ძალაში 9 აპრილს შევიდა, თუმცა მთელი რიგი ქვეყნებისთვის დღეიდან 90 დღით დაპაუზდა.
ჩინეთს თავდაპირველად ტრამპმა 20%-იანი ტარიფი დაუწესა, შემდეგ დამატებით 34% და ბოლოს, პეკინის მიერ აშშ-ისთვის დაწესებული საპასუხო გადასახადის გაუქმებაზე უარის თქმის გამო, 50% და საბოლოოდ, ჩინეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შეტანილ უმეტეს საქონელზე გადასახადი 9 აპრილიდან 104% გახდა, დღეიდან კი 124%.
ჩინეთის ოფიციალური პირების მიერ კომენტარის გაკეთებამდე, 9 აპრილს სახელმწიფო მედიამ განაცხადა: „ჩვენ არ ვქმნით პრობლემებს, მაგრამ არ გვეშინია პრობლემების… ჩინელებს არ უყვართ ზეწოლა და მუქარა“.
აზიის მრავალი ადგილი, მათ შორის აშშ-ის მოკავშირეები – იაპონია, ტაივანი და სამხრეთ კორეა, ასევე დაზარალდნენ მაღალი ტარიფებით.
აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობა
აშშ-სა და ჩინეთს შორის საქონლით ვაჭრობამ გასულ წელს დაახლოებით 585 მილიარდი დოლარი შეადგინა. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთიდან გაცილებით მეტი იმპორტი განახორციელა, დაახლოებით 440 მილიარდი დოლარი, ვიდრე ჩინეთმა ამერიკიდან, რომელიც დაახლოებით 145 მილიარდი დოლარი იყო.
2024 წელს საქონლის ყველაზე დიდი კატეგორიის ექსპორტი ჩინეთიდან აშშ-ში იყო ელექტრონული მოწყობილობები – ისეთი, როგორიცაა სმარტფონები, ლეპტოპები და ტელეკომუნიკაციების მოწყობილობები, ასევე სათამაშოები. ექსპორტზე ასევე გავიდა დიდი რაოდენობით ბატარეები, რომლებიც ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
რაც შეხება ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩინეთში ექსპორტის მოცულობას – ყველაზე დიდი ექსპორტი იყო სოიოს მარცვლეული, რომელიც ძირითადად გამოიყენება ჩინეთის დაახლოებით 440 მილიონი ღორის გამოსაკვებად.
შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს ასევე გაუგზავნა თვითმფრინავები, ძრავები, ფარმაცევტული საშუალებები და ნავთობპროდუქტები.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ