მიუხედავად იმისა, რომ ეს სასამართლო, პროკურატურა არის ბიძინა ივანიშვილის და მურუსიძის დაქვემდებარებაში, მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პროკურორმა ბრალი წამიყენა და, სავარაუდოდ ხვალ სასამართლოზე გვეცოდინება, რას მოიცავს ეს ბრალეულობა. მინდა, კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ ამ ბრალში რანაირი მუხლიც არ უნდა იყოს განსაზღვრული ან სასჯელი, ეს ვერანაირად ვერ შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რასაც ჰქვია, რომ ჩვენი ქვეყანა არის მიტაცებული, არჩევნები არის მიტაცებული, ქვეყანა არის გადასარჩენი, ის კომისია არის ცირკი და არა მარტო ცირკი, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს ქვეყანას, მის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სამხედროებს და დაღუპულ გმირებს. ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ბოლომდე. ამ აზრს ვერავინ ვერ შემაცვლევინებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ქვეყანა საჭიროებს სწრაფ გადატვირთვას, მოთხოვნა კი ძალაში რჩება – ახალი არჩევნები და ყველა იმ პოლიტპატიმრის, იმ ახალგაზრდა ბიჭების გათავისუფლება, რომლებიც დღეს საპყრობილეში იმყოფებიან.
„მე არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს და მის მიერ შექმნილ ორგანოებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოებს არ ვაღიარებდე, რადგან მაშინ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ უნდა აღიარო და არ უნდა დაემორჩილო კანონებს. ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, მისი კომისია არის არალეგიტიმური. კომისია დაკავებულია ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციით, კერძოდ ჩემი, ბადრი ჯაფარიძის და ჩვენი თანაგუნდელების. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასამართლო, პროკურატურა არის ბიძინა ივანიშვილის და მურუსიძის დაქვემდებარებაში, მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.