საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საიუბილეო ცერემონიალზე სენაკში უმასპინძლეს.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის ძალების სარდლები, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და რეგიონის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
პრეზიდენტმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს, სარდლობების იუბილე მიულოცეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში წარმატებები უსურვეს.
ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედროებს უწყებრივი მედლები, საშტატო იარაღი და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სტუმრებმა მე-2 ქვეითი ბრიგადის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაციაც მოისმინეს.
თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა პრეზიდენტს მე-2 ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურა და შეიარაღება გააცნეს. ბრიგადის სამხედრო აეროდრომზე საჩვენებელი ტაქტიკური სწავლება გაიმართა, რა დროსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფებმა საბრძოლო მომზადების დონისა და კოორდინირებული მოქმედებების დემონსტრირება განახორციელეს.
მოგვიანებით, პრეზიდენტი და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას გაესაუბრნენ და წარმატებები უსურვეს.
2016 წლის პირველ აპრილს სახმელეთო ძალების სარდლობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობებად ჩამოყალიბდა, რამაც გააძლიერა დასავლეთით და აღმოსავლეთით განლაგებული თავდაცვის ძალების ავტონომიურობა, გააუმჯობესა მართვისა და კონტროლის ეფექტიანობა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.