ვეთანხმებით იმ ორ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებობს ბევრად მეტი მოლოდინი. პრეზიდენტის სიტყვაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასახული შესაბამისი პასუხები, მოთხოვნები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ისევ შეკრებილი რუსთაველის გამზირზე, ერთად აღვნიშნეთ 31 მარტი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. ეს არ არის ჩვეულებრივი თარიღი საქართველოს ისტორიაში. რაც შეეხება თავად სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, ბუნებრივია, ჩვენ ვეთანხმებით იმ ორ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებობს ბევრად მეტი მოლოდინი, რადგან ბევრად მეტი დამატებითი საფრთხე გაჩნდა საქარყველოში. ბოლო თვე-ნახევარში იმდენად დამძიმდა პოლიტიკური ველი, რომ პრეზიდენტის სიტყვაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასახული შესაბამისი პასუხები, მოთხოვნები. ასევე მიგვაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, თუ გამომსვლელთა სიაში ძალიან ბევრი ადამიანი იქნებოდა წარმოდგენილი, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორი. ადამიანები, რომლებიც არიან 2008 წლის ომის ვეტერანები, რომლებიც თავიანთ სათქმელს იტყოდნენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები. ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც, საერთო ჯამში, ქმნის 31 მარტს, მათ შორის იმდროინდელი დეპუტაცია, მონაწილეები. სიტყვით გამოსვლის საშუალება უნდა ჰქონოდა უფრო მეტ ადამიანს“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
შეკითხვაზე, სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციების დროს ამაზე იყვნენ თუ არა შეთანხმებული, სანიკიძემ აღნიშნა:
„ამ შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის სიტყვა, ეს მისი სიტყვა იყო, ეს ოპოზიციის სახელით არ თქმულა. შემიძლია, ეს თამამად გითხრათ. რაც შეეხება იმას, მოვისმინეთ თუ არა რაიმე ახალი, ჩემი აზრით, საზოგადოების სამართლიანი გულისწყვეტა გამოიწვია იმან, რომ ვერაფერი სიახლე ვერ მოვისმინეთ. მაგალითად, პირობითად ეს სიტყვა 20 ნოემბერსაც რომ ეთქვა, მაშინ ბევრად რელევანტური იქნებოდა“.
კიდევ ერთ შეკითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმაში იქნება თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ უკვე არიან წინააღმდეგობის პლატფორმაში.
„გვგონია, უკვე ვართ წინააღმდეგობის პლატფორმაში და „ქართულ ოცნებას“ 13 წელია, ვუწევთ წინააღმდეგობას. ამიტომ, აქეთ შემოგვიერთდნენ. სალომე ზურაბიშვილთან და ნებისმიერ აქტორთან, რომელიც იქნება მოტივირებული, ქვეყანაში დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ვიქნებით მუდმივ კოორდინაციაში და მათთან კომუნიკაცია გვექნება, მაგრამ არ ვაპირებ, თავი მოვიკატუნო. ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ ფორმატზე საუბარი და გუშინ გავიგეთ, რომ კიდევ თავიდან ყოფილა შესაქმნელი. არ ვიცი, ჩვენ გვგონია, რომ უკვე ვუწევთ წინააღმდეგობას ცალ-ცალკე. კარგი იქნება, თუ ერთად გავუწევთ“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით 31 მარტს გამოვიდა.
„მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად არსებობდეს პოლიტიკური ფორმატიც, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.