საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. უმაღლეს მთავარსარდალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საიუბილეო ცერემონიაზე უმასპინძლეს.
პრეზიდენტმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს, სარდლობების იუბილე მიულოცეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერების საქმეში წარმატებები უსურვეს.
ღონისძიების ფარგლებში, უწყების ხელმძღვანელებმა პირადი შემადგენლობის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებითა და სხვა საჩუქრებით დააჯილდოვეს.
გარდა ამისა, ბრიგადის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ქვედანაყოფის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, რის შემდეგაც, მიხეილ ყაველაშვილმა სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა.
საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მე-2 ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურა გააცნეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, 2016 წლის პირველ აპრილს სახმელეთო ძალების სარდლობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობებად ჩამოყალიბდა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.