სურამის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პერსონალი 31 მარტიდან სასწავლო პროცესს სურამის N2 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ, – ინფორმაციას ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია ალტერნატიული სასწავლო სივრცე, ტრანსპორტირების სერვისი და ყველა საჭირო რესურსი.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქრისტეფორე მესამის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პერსონალი 31 მარტიდან სასწავლო პროცესს სურამის მე-2 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ.
სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარმართვისთვის, სამინისტრომ მოსწავლეებისთვის დაუყოვნებლივ უზრუნველყო ალტერნატიული სასწავლო სივრცე, ტრანსპორტირების სერვისი და ყველა საჭირო რესურსი. სურამის მე-4 საჯარო სკოლის შენობაში გაჩენილ ხანძარს არ დაუზიანებია სკოლის შენობის ძირითადი ნაწილი.
სამინისტროს ცნობით, ხანძრის მიუხედავად, სკოლაში არსებული ყველა დოკუმენტი, ინვენტარი და ტექნიკა სრულადაა შენარჩუნებული და ამ მხრივ სკოლას ზიანი არ მიუღია. ხანძრის ფაქტზე დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.