Thursday, March 13, 2025
23.8 C
Tbilisi

კრემლი უარს აცხადებს უკრაინაში ცეცხლის ხანმოკლე პერიოდით შეწყვეტის შესახებ მოსკოვისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე

GUARDIANGE  რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი იური უშაკოვი უარს აცხადებს აშშ-უკრაინის მიერ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოსკოვისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე და მიიჩნევს, რომ ეს იქნება უკრაინისთვის დროებითი „ამოსუნთქვის“ შესაძლებლობის მიცემა.

„ჩვენი მიზანი გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაა. ჩვენ ამისკენ მივისწრაფით, ეს უნდა მოიცავდეს ჩვენი სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს, ჩვენს უკვე მრავალჯერ გამოთქმულ წუხილებს“, – განაცხადა იური უშაკოვმა.

ვიდრე ამას განაცხადებდა, უშაკოვს გუშინ, 12 მარტს, სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან მაიკ უოლცთან.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი, უკვე დათანხმდა წინადადებას და თქვა, რომ მის ქვეყანას „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რაც შეიძლება სწრაფად“ იმუშაოს პარტნიორებთან.

მოელიან, რომ ვლადიმერ პუტინი, რომელიც მოსკოვში ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მასპინძლობს, შეხვედრის დასრულების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კომენტარს გააკეთებს.

დღეს თეთრ სახლში ასევე დონალდ ტრამპისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს შეხვედრა გაიმართება.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-უკრაინის შეთანხმების შესახებ ქ. ჯიდაში გამოაცხადეს

11 მარტს, საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის დაუყოვნებლივ მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ იგი შეთავაზებას რუსეთს წარუდგენს და ამის შემდეგ „ბურთი მათ მოედანზე იქნება“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ახლა შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული  რუსეთის დარწმუნება, დაეთანხმოს „პოზიტიურ“ წინადადებას.

ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა პირველად შედგა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს ოვალურ ოფისში ტრამპსა და ზელენსკის შორის მწავე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ერთობლივ განცხადებაში შერთებულმა შტატებმა აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ  აღადგენს სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას და უსაფრთხოების მხრივ დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც ვაშინგტონმა თეთრ სახლში უპრეცედენტო საჯარო დაპირისპირების შემდეგ შეაჩერა.

„დელეგაციის ორივე მხარის წარმოამდგენლები შეთანხმდნენ, რომ დაასახელონ თავიანთი მომლაპარაკებელი გუნდები და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, რაც უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია აშშ-უკრაინის ერთობლივ განცხადებაში.

რუბიომ ჯიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მიიღებს მხარეებს შორის შემუშავებულ წინადადებას.

უკრაინა „მზად არის შეაჩეროს სროლები და დაიწყოს მოლაპარაკებები“ და თუკი რუსეთი უარს იტყვის ამ შეთავაზებაზე „მაშინ ჩვენ სამწუხაროდ, გვეცოდინება, რა იქნება მშვიდობის მიღწევის დამაბრკოლებელი აქ“.

„დღეს ჩვენ წამოვადგინეთ შეთავაზება, რასაც უკარაინელები დათანხმდნენ. ეს მოიცავს  ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ გამართვას.

„ჩვენ  ახლა ამ შეთავაზებას რუსებს წარვუდგენთ და ვიმედოვნებთ, რომ ისინი დათანხმდებიან მშვიდობას. ბურთი ახლა მათ მოედანზეა“, – განაცხადა რუბიომ.

ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთავაზება სცდილდება ზელენსკის ცასა და ზღვაში ნაწილობრივი ზავის წინადადებას.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ტრამპს ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების „კონსტრუქციულობისათვის“. ვიდეოგზავნილში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა „უნდა აჩვენოს ომის შეჩერების ან ომის გაგრძელების სურვილი“. „დროა ცეცხლი სრულად შეწყდეს“, – აღნიშნა მან.

აშშ-უკრაინის ერთობლივი განცხადებისადმი კრემლის ოფიციალურად გამოხმაურებამდე,  გავლენიანმა რუსმა კანონმდებელმა კონსტანტინ კოსაჩევმა თქვა, რომ ნებისმიერი პოტენციური შეთანხმება „ჩვენი და არა ამერიკელების პირობებით უნდა იყოს“ წარმოდგენილი.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, კოსაჩევმა, განაცხადა, რომ „რეალური შეთანხმებები ჯერ კიდევ იწერება… ფრონტზე“, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის ჯარები წინ მიიწევენ უკრაინაში.

თეთრ სახლში კი, ტრამპმა 11 მარტს ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგი დაელაპარაკება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელიც „იმედია“ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას.

„ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო, როგორც ამბობენ. ჩვენ ხვალ რუსეთთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს და იმედია, რამდენიმე შესანიშნავი საუბარი შედგება“, – განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე მზაობა გამოხატა, რომ დაპატიჟოს ზელენსკი ვაშინგტონში.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები