აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა, ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „მეგობარი აქტი“ წარადგინეს. ამის შესახებ სენატის საგარეო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორპარტიული აქტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
„საქართველოს მეგობრები მსოფლიოს გარშემო გაოგნებულები და შეძრწუნებულები არიან მთავრობის ავტორიტარიზმში ჩაშვებით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან ისინი იბრძვიან თვითგამორკვევის უფლებისთვის. კანონპროექტი ასევე მისცემს აშშ-ის ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს თავიანთი პოლიტიკური სისტემის სამართლიანობის აღსადგენად“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი კი აცხადებს, რომ აშშ-ს არ შეუძლია, ზურგი შეაქციოს მთავარ პარტნიორს, რომელიც მიისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ.
„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ წარვადგინო ეს ორპარტიული, ორპალატიანი კანონმდებლობა თავმჯდომარე რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფონზე. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა ევროატლანტიკური მისწრაფებები და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მცდელობების წინააღმდეგ, მოშალოს დემოკრატიული ინსტიტუტები. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელ რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია, ზურგი შევაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც მიისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ“, – განაცხადა შაჰინმა.
ცნობისთვის, „მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს:
დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;
აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ;
მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას;
გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარი კონსტიტუციური მოთხოვნების მიხედვით;
გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში;
მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.