Wednesday, March 5, 2025
7.8 C
Tbilisi

ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისგან წერილი მიიღო, სადაც უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიჯდომის სურვილს გამოხატავს

GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაზე საუბრისას თქვა, რომ მან მიიღო წერილი ვოლოდიმირ ზელენსკისგან, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის ლიდერი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს.

„დღეს დილით მივიღე მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტ ზელენსკისგან. წერილში ნათქვამია: „უკრაინა მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან მოსასვლელად რაც შეიძლება სწრაფად, რათა მივუახლოვდეთ მდგრად მშვიდობას.არავის არ სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩვენი გუნდი მზად არის იმისთვის, რომ იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რაც გააკეთა ამერიკამ, რათა უკრაინას დახმარებოდა უკრაინას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერ დროს, რომელიც მოსახერხებელი იქნება“.

ვაფასებ, რომ მან ეს წერილი გამოგზავნა. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მშვიდობისთვის მზად არიან. დადგა დრო, შეწყდეს ეს სიგიჟე. დადგა დრო შეჩერდეს მკვლელობები. დადგა დრო დასრულდეს უაზრო ომი. თუ გინდა ომის დასრულება, უნდა ესაუბრო ორივე მხარეს“, – განაცხადა ტრამპმა.

გრენლანდიის აშშ-ის ნაწილად  გახდომის შესახებ თავისი სურვილის კიდევ ერთხელ გამოხატვისას ტრამპმა თქვა: „ამა თუ იმ გზით, ჩვენ მას მივიღებთ“.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას განსაზღვროთ თქვენი მომავალი და თუ თქვენ აირჩევთ, ჩვენ მივესალმებით თქვენს მობრძანებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ჩართულ პირთან, რათა შევეცადოთ და მივიღოთ ის, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ის საერთაშორისო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ, რომ მივიღებთ. ამა თუ იმ გზით ჩვენ მას მივიღებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ქვეყნის შიდა საკითხებზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ იქნება „გადასახადების შემცირება ყველასთვის“ და მოხდება ფედერალური ბიუჯეტის დაბალანსება.

უკრაინის საკითხი და ზელენსკის აშშ-სთან ურთიერთობების დალაგების მცდელობები 

მას შემდეგ, რაც ტრამპსა და ზელენსკის შორის თეთრ სახლში მწვავე დაპირისპირება მოხდა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, სერ კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუნინგ სტრიტზე თბილი დახვედრა მოუწყო და ზელენსკის უთხრა, რომ მას „სრული მხარდაჭერა აქვს მთელ გაერთიანებულ სამეფოში“.

უკრაინის პრეზიდენტმა კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უთხრა, რომ ბედნიერია, რომ მის ქვეყანას „ასეთი მეგობრები“ ჰყავს.

ზელენსკიმ და სტარმერმა ხელი მოაწერეს 2,26 მილიარდი ფუნტი სტელინგის სესხს უკრაინის სამხედრო გაძლიერებისთვის, რომელიც გაყინული რუსული აქტივების მოგებიდან იქნება გადახდილი.

პრემიერ-მინისტრი მოგვიანებით ლონდონში ევროპისა და კანადის ლიდერების სამიტს უმასპინძლა რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად გზების გამონახვაზე იმსჯელეს. ამის შემდეგ ზელენსკი მეფე ჩარლზს შეხვდა.

როგორც BBC შენიშნავს, ეს შეხვედრები ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებით და შეშფოთებით აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესების გამო დაიჩრდილა.

ბოლო კვირების განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ცდილობდა აშშ-სა და ევროპას შორის დამაკავშირებელი როლის შესრულებას, რადგან ეს ემთხვევა ტრამპის ადმინისტრაციის სურვილს, ნაკლებად იყოს ჩართული ევროპის თავდაცვაში. იგი ამ მიზნით ვაშინგტონს სტუმრობდა, ტრამპთან გულითადი შეხვედრა გამართა, ზელენსკისთან ტრამპის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე.

ამ შეხვედრის დროს, მან ხელით მიაწოდა მეფის წერილი, რომელიც ტრამპს – რომელიც სამეფო ოჯახის გულშემატკივარია – უპრეცედენტო მეორე სახელმწიფო ვიზიტად იწვევდა გაერთიანებულ სამეფოში, თუმცა ოვალურ ოფისში უკრაინისა და აშშ-ის ლიდერების დაპირისპირების შემდეგ შოტლანდიის ეროვნული პარტიის დეპუტატებმა მოუწოდეს პრემიერ-მინისტრ სტარმეს, უკან წაეღო ეს მიწვევა.

სტარმერი ასევე ცდილობს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში. 28 თებერვალს, პარასკევ საღამოს, სტამერი ტრამპსა და ზელენსკის, მათი კამათის შემდეგ, ტელეფონით დაუკავშირდა.

შაბათს, 1-ელ მარტს, დაუნინგ-სტრიტზე ზელენსკის ვიზიტი, ტრამპთან საჯარო დაპირისპირების შემდეგ, პრემიერ-მინისტრისთვის ზელენსკისადმი მისი მუდმივი მხარდაჭერის დემონსტრირების შესაძლებლობა იყო.

კირ სტარმერმა დაუნინგ სტრიტზე გარეთ შეკრებილი ხალხის მხარდამჭერი შეძახილების ხაზგასასმელად უკრაინის ლიდერს უთხრა: „ეს არის გაერთიანებული სამეფოს ხალხი, რომელიც გამოდის იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად მხარს გიჭერენ თქვენ, რამდენად უჭერენ მხარს უკრაინას. ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით თქვენთან და უკრაინასთან იმდენ ხანს, რამდენი ხანიც შეიძლება დაგჭირდეთ“.

ზელენსკიმ უპასუხა: „მე ვნახე უამრავი ადამიანი და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, გაერთიანებული სამეფოს ხალხს, ამ ომის დასაწყისიდანვე ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის“.

როგორც ცნობილი გახდა, ზელენსკის გაერთიანებული სამეფოს მეფესთან შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის თხოვნით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანხმობით დაიგეგმა.

დაუნინგ-სტრიტზე გამართული შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა დიდი ბრიტანეთის „უზარმაზარი“ მხარდაჭერის გამო და განსაკუთრებით აღნიშნა 2,26 მილიარდი ფუნტი სტერლინგის სესხის დახმარება, რომელიც ომის დაწყების შემდეგ გაყინული რუსული აქტივებიდან იქნება მიღებული.

მისი თქმით, ფინანსები უკრაინაში იარაღის წარმოებისთვის იქნება გამოყენებული: „ეს არის ჭეშმარიტი სამართლიანობა – ვინც დაიწყო ომი, სწორედ მან უნდა გადაიხადოს“.
თეთრი სახლში ვიზიტისა და ტრამპთან მწვავე დაპირისპირების შემდეგ, ზელენსკიმ აშშ-სთან ურთიერთობის დალაგებას შეეცადა.

დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დაწყებისას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ზელენსკიმ შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით თქვა: „მიუხედავად მკაცრი დიალოგისა, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად ვრჩებით. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელი და პირდაპირი ერთმანეთთან, რომ ნამდვილად გავიგოთ ჩვენი საერთო მიზნები. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა გვქონდეს. მას სურს ომის დასრულება, მაგრამ არავის სურს მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ. ჩვენ ვართ ისინი, ვინც ამ ომს უკრაინაში განიცდიან. ეს არის ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის“.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები