სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აღარ დაიშვებიან, – ამის შესახებ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ეროვნული გამოცდების ცენტრის ცნობით, მომდევნო წელს მათთვის ალტერნატიული პროექტის შეთავაზებას გეგმავენ.
„გაითვალისწინეთ, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან. ცენტრი განიხილავს მომდევნო წელს არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ალტერნატიული პროექტის შეთავაზების შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც სრულად მოხდება საგამოცდო პროცესის იმიტაცია“, – აცხადებენ საგამოცდო ცენტრში.
ცნობისთვის, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge. რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანია.