ჩვენთვის კვლავ ელექტროენერგიის აღდგენა არის პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტს მივყვებით, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა გურიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ასევე პრიორიტეტია გაზმომარაგება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, დაზიანებების იდენტიფიცირება დრონებით ხდება, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.
„გაზმომარაგების ნაწილში შედარებით ნაკლებია გათიშული აბონენტების რაოდენობა და ვფიქრობ, საღამოსთვის უკვე კარგი პროგრესი გვექნება როგორც ელექტრომომარაგების, ისე გაზმომარაგების აღდგენის მიმართულებით. წყალმომარაგება პირდაპირ არის დაკავშირებული ელექტროენერგიის მიწოდებასთან და შესაბამისად, ელექტროენერგიის აღდგენა წყალმომარაგების აღდგენასაც გულისხმობს. საღამოს გვექნება შტაბის კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც დღეს გაცემული დავალებების შესახებ ანგარიშს ჩავიბარებთ, რა დინამიკა გვქონდა, რა ხელშემშლელი ფაქტორები იყო, რას ვგეგმავთ ხვალ. მნიშვნელოვანი და ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ინციდენტებზე რეაგირება, შეტყობინებებზე, რომლებიც შემოდის 112-ში, ან ვრცელდება სოციალური ქსელით თუ პირადი შეტყობინებების მეშვეობით. აბსოლუტურად ყველა ინციდენტზე ხდება რეაგირება მუნიციპალიტეტების, მაშველების თუ სამხედროების მხრიდან. ვცდილობთ, მივიდეთ აბსოლუტურად ყველასთან. იქ, სადაც არის რამდენიმე მეტრის სიმაღლის თოვლი, მივდივართ თოვლმავლებით, ბურანებით და ა.შ. არავის დავტოვებთ, ყველასთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას მივაწვდით მედიკამენტს, სურსათს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქმიან ეზოებში დალაგდება შეშაც, თუ ვინმეს დასჭირდება. ძირითადად მომარაგებული აქვთ, სადაც გაზიფიცირება არაა, თუმცა, თუ საჭირო იქნება, ესეც დაემატება აუცილებლად. ხვალ, დილის 06:00 საათზე დაიძვრება შეშით დატვირთული სატვირთო მანქანები. სკოლების მიმართულებითაც დაიწყო განათლების სამინისტრომ მონიტორინგი, შესაბამისი კომპანიები უზრუნველყოფენ სკოლის უსაფრთხოების მონიტორინგს და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.