განვიხილეთ გურიაში, მოცემულ მომენტში არსებული მდგომარეობა, რა სამუშაოები შესრულდა, მთლიანობაში, რაც მნიშვნელოვანია, დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70 %-ზე მეტი არის გაწმენდილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურიაში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ორშაბათის მდგომარეობით ელექტროენერგია 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა, ახლა კი ეს რიცხვი 10 000-მდეა შემცირებული, თუმცა გრძელდება ინტენსიური სამუშაოები ამ მიმართულებით.
მისივე განცხადებით, მოსახლეობის უზრუნველყოფა სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით აქტიურად მიმდინარეობს და შეუფერხებლად მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
„კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გუშინდელი დღიდან შეიზღუდა კომუნიკაცია და იქ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ ყურადღებას გავამახვილებთ. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ასევე, ელექტროენერგიის აღდგენა. ორშაბათისთვის, დაახლოებით, 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ეს რაოდენობა შემცირებულია, დაახლოებით, 10 000-მდე. ინტენსიურად წარიმართება აღდგენის სამუშაოები, მთავარია, რომ გაგრძელდეს, ვინაიდან, 10 000-მდე აბონენტია, ვისაც დღემდე არ აქვს დღეს ელექტროენერგია და ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. ამაზეც გვქონდა საუბარი დღევანდელ შეკრებაზე. სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. დაახლოებით, 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა გურიაში, იქნება მოსახლეობა უზრუნველყოფილი სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობს, გამოძახებებზე რეაგირებენ შეფერხებების გარეშე. ყველა მიმართულებით არის მობილიზებული შტაბი და მთავარია, გაგრძელდეს ინტენსიური სამუშაოები“,- განაცხადა პრემიერმა.