გამჭვირვალობის კანონს როდესაც ვიღებდით, „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ კანონი მათ დახურვას გამოიწვევდა, ახლა, როცა მათი დონორი მართლა ხურავს, სად არის მათი პროტესტი, სად არის მათი განცხადებები?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თავად არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი არაფერს ამბობენ აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„გამჭვირვალობის კანონს როდესაც ვიღებდით, როცა აგვიჯანყეს „ენჯეოები“ და, ასე ვთქვათ, ამ კანონს ებრძოდნენ, გახსოვთ, მაშინ „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ კანონი მათ დახურვას გამოიწვევს და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი, რასაც კანონი ითხოვდა, არის გამჭვირვალობა, დოკუმეტების გასაჯაროება, მეტი არაფერი, ისინი ამბობდნენ, რომ გამოიწვევს დახურვას. ახლა, როცა მათი დონორი მათ მართლა ხურავს, ამის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, სად არის მათი პროტესტი, მათი აღტკინება, სად არის მათი განცხადებები? არსად. მეორე – ამ გრანტებით თუ ასეთი კარგი საქმეები კეთდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, რატომ არ გამოჩნდა ერთი ბენეფიციარი, ერთი ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო მედიას თუ შევხედავთ, რატომ არ გამოჩნდა ერთი ხელისუფლება ამ პლანეტაზე, რომელიც იტყოდა, რატომ აკეთებს ამას აშშ, იქნებ დარჩეს „იუესაიდი“, იქნებ კვლავ გაგრძელდეს პროექტებიო. რატომ არავის წყდება გული, არცერთ ხელისუფლებას დედამიწაზე? ხომ ადევნებთ თვალყურს? გინახავთ რომელიმე ხელისუფლების გულდაწყვეტილი განცხადება, დასანანია, რომ წყდება ეს დაფინანსება და რაღაც კატასტროფა მოხდებაო? სად არიან ბენეფიციარები, სად არიან ორგანიზაციები, თავად „ენჯეობიც“ კი არ ჩივიან, ისე გამოდის მათი ამბავი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, პასუხი გაეცა კითხვას, რატომ ააჯანყეს დონორებმა „ენჯეოები“ და რატომ არ სურთ დონორებს, რომ გაასაჯაროონ თავისი ფული.
„რატომ ააჯანყეს „ენჯეოები“ ამ კანონის და რეესტრის წინააღმდეგ, რომ დაეფარათ ის, რაც დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა. წარმოგიდგენიათ, რა დონის კორუფცია, მავნებლობა, გაფლანგვა გამოვლინდა სულ რამდენიმე დღეში, რაც ჩაიხედეს პროექტებში, ფინანსებში, შინაარსობრივ თუ ფინანსურ ნაწილში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამჟღავნება არ უნდოდათ, რომ საქართველოში არ გვენახა, თუ რა სქემებთან გვქონდა საქმე. შესაბამისად, ერთის მხრივ გაეცა პასუხი კითხვას, რატომ ააჯანყეს დონორებმა „ენჯეოები“ და რატომ არ სურთ დონორებს, რომ გაასაჯაროონ თავისი ფული, რადგან გამოჩნდება ზუსტად ის, რაც ჩვენ დავინახეთ შეერთებულ შტატებში. სხვა დონორებიც ეჭვმიტანილი არიან უკვე ამ ფაქტებიდან გამომდინარე. ბუნებრივად, ავტომატურად არიან ეჭვმიტანილები, ამიტომ მტკიცების ტვირთი მათ მხარეს არის, მათ უნდა უმტკიცონ ქართველ ხალხს, რომ იგივე მავნე მიზნებისთვის არ იხარჯებოდა ფული, რასაც ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებაში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.