ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, კრიმინალს დაერქვას კრიმინალი, უცხოელ აგენტს დაერქვას უცხოელი აგენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ სისტემური დანაშაულების კიდევ ერთხელ გამოძიება, რომელიც ჩადენილი იქნა ცხრა წლის განმავლობაში იმ აგენტორული რეჟიმის მიერ, რომელიც იყო ჩამოყალიბებული საქართველოში.
„რეალურად ეს დანაშაულები დევს ხელის გულზე. ეს არის ადამიანების მკვლელობა, წამება, ციხეებში სისტემური დანაშაული. ასევე, ეს არის ბიზნესის რეკეტი, 2008 წლის ომის დანაშაული და ა.შ. ეს ყველაფერი მართალია, დევს ხელის გულზე, მაგრამ ყველაფერს კიდევ ერთხელ სჭირდება ჩაღრმავება, რათა საზოგადოებას შევახსენოთ ყველაფერი და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი, რათა საქართველო აღარასდროს დაუბრუნდეს ბნელ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც გვახსოვს ასე მძიმედ 2004-2012 წლებიდან. არავინ არასდროს არ უნდა დააბრუნოს ჩვენი ქვეყანა იმ რეჟიმში, რომელიც მოქმედებდა 2012 წლამდე. ეს იყო გარედან მართული სისხლიანი რეჟიმი, რომლის დანაშაულთა გამოძიებაც მოხდება სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.