დღეს ვერავინ იტყვის, როგორ დაინიშნება არჩევნები, ეს კითხვა წარმოუდგენელიც არის, ეს მოხდება გარედან და შიგნიდან ზეწოლების შედეგად, არ არსებობს ქვეყანა და ისტორიული მაგალითი, როცა რეჟიმი არის სრულიად იზოლირებული თავისი მოსახლეობისგან, პარტნიორებისგან და ისე აგრძელებს თავის მმართველობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ისევ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ დაუშვებელია თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზება. იგი სამხედრო ძალებს მიმართავს და ჰპირდება, რომ ბოლომდე, ყოველთვის იქნება მათ გვერდით, რათა მათ ჰქონდეს ყველანაირი საშუალება და უფლება, ეს ქვეყანა დაიცვან, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველო.
„დღეს მივიღე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, მათთან ერთად მივიღე იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ წარდგენილი ე.წ. პარლამენტში. დღეიდან მათი მანდატები გაუქმდა. ერთ-ერთი გზავნილი იყო, რომ დღეს საქართველოში რეალურად დასრულდა პოლიტიკური ცხოვრება, რადგან აღარ არის პოლიტიკური სივრცე. პარლამენტი თავისთავად აღარ არის პოლიტიკური სივრცე, კონსტიტუცია აღარ არსებობს, აღარ არის დაცული არც გამოთქმის, არც შეკრების უფლება. საუბარი იმაზე, რომ შეიძლება, ამ ქვეყანაში გავრცელდეს რაიმე პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკური წარმონაქმნი, წარმოუდგენელია, ვიდრე არ იქნება არჩევნები. ეს იყო მთავარი გზავნილი ამ ელჩებისთვის და მათი დედაქალაქებისთვის, რომ დღეს საჭიროა, როგორც არ განახლდა რეპრესიები, ასევე განახლდეს ზეწოლა ჩვენი პარტნიორებისგან ივანიშვილის რეჟიმზე, რუსული ყაიდის რეჟიმზე, რათა დაინიშნოს არჩევნები. დღეს ვერავინ იტყვის, როგორ დაინიშნება არჩევნები, ეს კითხვა წარმოუდგენელიც არის, ეს მოხდება გარედან და შიგნიდან ზეწოლების შედეგად. არ არსებობს ქვეყანა და ისტორიული მაგალითი, როცა რეჟიმი არის სრულიად იზოლირებული თავისი მოსახლეობისგან, პარტნიორებისგან და ისე გააგრძელოს თავისი მმართველობა. პატარა ქვეყანა არის საქართველო, ეს არ არის რუსეთი, რომელსაც შეუძლია რაღაცა პერიოდი და შეიძლება, დიდი პერიოდიც გაუძლოს სანქციებს. ამ ქვეყანაში ეს შეუძლებელია. ეს რეჟიმი უკვე არ მართავს ქვეყანას და ეს იყო მეორე გზავნილი. დღეს თუ გადავხედავთ, რა გადაწყვეტილებები არის მიღებული არჩევნების შემდგომ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული ზომები და კანონები. ვერ დამისახელებთ ვერცერთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მართული იყოს ქვეყან, რომ მიდოდეს სადმე. არც საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს. ის დაყვანილია მხოლოდ იმაზე, რომ საზოგადოებას მისცენ აღიარების ვითომცდა რაღაც ფორმები, ვიღაცას ხელი ჩამოართვან. ეს გაასაღონ როგორც ერთგვარი აღიარება. ასევე არანაირი შინაარსი არ გააჩნია ვიზიტებს. ასევე, ქვეყანაში არ არსებობს ეკონომიკა, გაჩერებული არის ყველაფერი. ინვესტიციები სრულად გაჩერებულია, აქაც გვაქვს ვითომც პოლიტიკა, ვითომ მემორანდუმი, ვითომ მილიარდები უნდა შემოიტანოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარტნიორები აღფრთოვანებულები არიან იმით, რა შემართებითაც დღეს არის საზოგადოება.
„ეს არის ქვეყანა, სადაც რეალურად აღარ არსებობს პოლიტიკა და ამდენად, ვინც ითხოვს ოპოზიციისგან, საზოგადოებისგან ან ზოგჯერ პრეზიდენტისგან, აბა, რა გეგმები და რა პოლიტიკა გაქვთ, ეს არის აბსურდული კითხვები. ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, სადაც შეიძლება მხოლოდ ბრძოლა. ეს ბრძოლა გაშლილია ყველა ფრონტზე. პარტნიორები უყურებენ და აღფრთოვანებულები არიან იმით, რა შემართებით არის საზოგადოება, როგორ ჩანს, რომ ის ბოლომდე წავა, არ უშინდება რეპრესიულ ზომებს. ბრძოლა გრძელდება ყველგან. ჩემთვის, მაგალითად, გუშინ ვაშინგტონში, ხვალ მიუნხენში, პარიზში, სადაც შეიძლება, რომ მიხვიდე და სთხოვო, უფრო ნათელი იყოს ამ რეჟიმის კვალიფიკაცია. ჩვენ გვაქვს ბევრი მხარდამჭერი განცხადება საზოგადოების მიმართ, კრიტიკა რეჟიმის გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ ჯერ არ გვაქვს კვალიფიკაცია, რომ ეს არის უკვე რუსული ყაიდის დიქტატურა, ეს უნდა ითქვას. უნდა იყოს ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მოთხოვნა, რომ არჩევნები ჩატარდეს. პოლიტიკური ქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, ეს არის ახალი არჩევნები. სხვა გზა არ არსებობს. ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც შეიძლება არსებობდეს და რასაც ჩვენმა პარტნიორებმა შეიძლება, დაუჭირონ მხარი. ამასთან, ცხადია, სინდისის პატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს ყოველდღიური მოთხოვნა, ზეწოლა უნდა იყოს ყველა მიმართულებით, ასევე იმ ქართულ ბიზნესზე, რომელმაც ჯერ ვერ გაიგო, რომ მისი ბედი არის დაკავშირებული ამ ქვეყნის ბედთან და არა რუსეთთან. ზეწოლა უნდა იყოს, მაგალითად, საზმაუსის მიმართ, რომელიც იყო დაკავშირებული ევროპულ ბორდთან. იქიდანაც უნდა იყოს ზეწოლა, რომ შეწყდეს ეს შიდა რეპრესიები, რომელიც დღეს ვრცელდება პრაქტიკულად ყველა უწყებაზე. როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, მინდა, ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელია ის, რაც გამოცხადდა, შეიძლება, ეს რეპრესიები და დათხოვნები შეეხოს ასევე თავდაცვის სამინისტროს, რამეთუ ეს არის ჩვენი ქვეყნის საყრდენი. არ შეიძლება, ამ უწყების რამენაირად პოლიტიზება. მინდა, მივმართო სამხედრო ძალებს და ვუთხრა, რომ ბოლომდე, ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით, რათა მათ ჰქონდეს ყველანაირი საშუალება და უფლება, ეს ქვეყანა დაიცვან, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.