ნორვეგია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, შეაჩეროს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის, ნორვეგია ასევე განიხილავს პარალელური ნაბიჯების გადადგმას.
„საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მასშტაბური დარღვევების შესახებ ცნობები დაფიქსირდა. არჩევნებმა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან სერიოზული კრიტიკა გამოიწვია, რაც ასახულია ეუთო/ოდირის ანგარიშში. ერთი თვის შემდეგ, მთავრობის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ მასობრივი პროტესტი გამოიწვია, რომელიც დღემდე, ყოველდღიურად გრძელდება. დემონსტრანტები დროდადრო ხელისუფლების მხრიდან სასტიკ ძალადობას განიცდიან, ბოლოს ეს 2 თებერვალს, თბილისში მოხდა. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა შემაშფოთებელ მოვლენებზე რამდენიმე გზით მოახდინეს რეაგირება, მათ შორის განცხადებებითა და კონკრეტული ზომებით. ასეთი ნაბიჯები ნორვეგიამაც გადადგა. ნორვეგიის მიერ განხორციელებული ზომები მოიცავს შემდეგს: საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით არანაირი ახალი პროექტები, საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალმხრივი არხებით თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერის შემცირება, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერის გაზრდა, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეჩერება, პოლიტიკურ დონეზე კონტაქტების შემცირება.
ნორვეგია და თანამოაზრე ქვეყნები ევროპის საბჭოს შესაბამის ფორუმებზე საქართველოს პასუხისმგებლობას აკისრებენ. 20 დეკემბერს, ნორვეგია იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საქართველოსთან მიმართებაში ეუთო-ს ვენის მექანიზმი აამოქმედეს. ეს მექანიზმი გულისხმობს, რომ შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებამ გარკვეულ კითხვებს დადგენილ ვადაში უნდა უპასუხოს. კითხვები უკავშირდებოდა საქართველოს ერთგულებას იმ ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ, რომლებზეც საქართველომ, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ, აიღო ვალდებულება. 27 იანვარს, ევროკავშირმა გადაწყვიტა, შეაჩეროს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის. ნორვეგია განიხილავს პარალელური ნაბიჯების გადადგმას“, – ნათქვამია განცხადებაში.