შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ბრიქსის“ წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლების მცდელობის შემთხვევაში მათ 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას შეეცდება, უნდა დაემშვიდობოს ამერიკას და მიესალმოს ტარიფებს.
„ჩვენ მოვითხოვთ ამ მტრული ქვეყნებისგან ვალდებულებას, რომ ისინი არც ახალ BRICS ვალუტას შექმნიან და არც სხვა ვალუტას დაუჭერენ მხარს, რათა შეცვალონ ძლიერი ამერიკული დოლარი, სხვა შემთხვევაში ისინი 100%-იანი ტარიფების წინაშე აღმოჩნდებიან“, – ნათქვამია ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ტრამპის შეფასებით, არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, რომ „ბრიქსი“ ჩაანაცვლებს აშშ დოლარს საერთაშორისო ვაჭრობაში ან სადმე სხვაგან, და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას შეეცდება, უნდა დაემშვიდობოს ამერიკას და მიესალმოს ტარიფებს.
„ბრიქსის“ წევრები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა. 2024 წლის დასაწყისიდან აღნიშნულ გაერთიანებას შეუერთდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
საუდის არაბეთს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი ბრიქსში გაწევრიანება, არგენტინის ახალმა მთავრობამ კი მიწვევაზე უარი თქვა.
2024 წლის 24 ოქტომბერს დამატებით 13 ქვეყანა მიიწვიეს „ბრიქსის“ წევრებად. კერძოდ, ალჟირი, ბელარუსი, ბოლივია, კუბა, ინდონეზია, ყაზახეთი, მალაიზია, ნიგერია, ტაილანდი, თურქეთი, უგანდა, უზბეკეთი და ვიეტნამი.
პარტნიორის სტატუსი საშუალებას მისცემს ამ ქვეყნებს ჩაერთონ და ისარგებლონ BRICS ინიციატივებით. უცნობია, მიიღეს თუ არა ამ ქვეყნებმა წევრობის ოფიციალური მოსაწვევები.