Friday, January 31, 2025
0.8 C
Tbilisi

აშშ-ის ყოფილ სენატორს, ბობ მენენდესს კორუფციის საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

GUARDIANGE – აშშ-ის ყოფილ სენატორს, ბობ მენენდესს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მენენდესის დანაშაულს პროკურორები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თავხედურ კორუფციულ სქემას უწოდებდნენ. როგორც სასამართლომ დაადგინა, მან ქრთამის სახით მიიღო, 1 მილიონი დოლარი ნაღდი ფულით, ჩეკებით, ოქროს ზოდებით და მერსედეს-ბენცით.

დიდი ხნის ნიუ ჯერსის კანონმდებელი გასულ წელს, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა სენატში თითქმის 18 წლის და პოლიტიკაში ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყოფნის შემდეგ. სასამართლომ დაადგინა, რომ მენენდესმა ქრთამი აიღო ნიუ ჯერსის სამი ბიზნესმენიდან იმის სანაცვლოდ, რომ სენატორს მათთვის დახმარება გაეწია ეგვიპტისა და ყატარის ოფიციალურ პირებთან, რათა შეჩერებულიყო მათზე აღძრული სისხლის სამართლის გამოძიება და მომხდარიყო მომგებიანი გარიგების უზრუნველყოფა.

71 წლის მენენდესი პირველი საჯარო მოხელეა შეერთებულ შტატებში, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტად მოქმედების ბრალდებით გასამართლდა. ტექსტური შეტყობინებები და ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილები აჩვენებს, თუ როგორ მანევრირებდა ის, რათა 2018 და 2022 წლებში აშშ-ის სამხედრო დახმარება და მგრძნობიარე, არაკლასიფიცირებული ინფორმაცია მიეწოდებინა ეგვიპტისთვის, როგორც სენატის ყველაზე მაღალი რანგის „დემოკრატ“ წევრს და მოგვიანებით სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს.

„თქვენ იდექით ჩვენი პოლიტიკური სისტემის მწვერვალზე. რაღაც მომენტში, არ ვიცი სად, შენ გზა დაკარგე“, – თქვა აშშ-ის საოლქო მოსამართლემ სიდნი ეიჩ სტეინმა, როდესაც მან მენენდესს სასჯელი დააკისრა ოთხშაბათს, 29 იანვარს, შუადღეს და დაამატა: „რაღაც მომენტში, ბოდიში, რომ ამას ვამბობ, თქვენ გახდით კორუმპირებული პოლიტიკოსი“.

მენენდესმა ცრემლები მოიწმინდა, როდესაც მან მოსამართლეს განუცხადა, რომ იგი თავის პოლიტიკურ ძალაუფლებას ისეთი კარგი მიზნებისათვის იყენებდა, როგორიცაა საავადმყოფოების დაფინანსება და სტიქიური უბედურების მსხვერპლთა დახმარება. „მე მჯერა, რომ საჯარო სამსახურში ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბევრად მეტი კარგი გავაკეთე, ვიდრე ცუდი“, – თქვა მან.

მენენდესთან ერთად გაასამართლეს უელი „უილ“ ჰანა, ბიზნესმენი, რომელმაც მენენდესი ეგვიპტის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან დაკავშირა, და უძრავი ქონების დეველოპერი ფრედ დეიბესი, ჰანას ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი. დეიბესს 29 იანვარს, დილით მიუსაჯეს შვიდი წელი და ორი თვე პატიმრობა და დააკისრეს 1,75 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მისი ქონება 134 მილიონ დოლარს შეადგენს. ჰანას მოგვიანებით რვა წლითა და ერთი თვით პატიმრობა მიუსაჯეს და 1.25 მილიონი დოლარით დააჯარიმეს.

მას შემდეგ, რაც მენენდესმა დაიწყო შეხვედრები და ინფორმაციის გაზიარება ეგვიპტელ ოფიციალურ პირებთან, ჰანამ მიიღო ექსკლუზიური კონტრაქტი ეგვიპტეში საქონლის ექსპორტის სერტიფიცირებისთვის. პროკურორების თქმით, ის ერთ ღამეში გახდა „მულტიმილიონერი“, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა მსგავსი სერტიფიკატების მიღების გამოცდილება. მენენდესსმა მისგან ნაღდი ფული, ოქრო და ცოლისთვის ფიქტიური სამსახური მიიღო.

დეიბესს ბრალი ედებოდა ფედერალურ საბანკო თაღლითობის საქმეში, როდესაც მან დაიწყო ნაღდი ფულის და 1 კილოგრამიანი ოქროს ზოდების მიწოდება, თითოეული დაახლოებით $60,000-ის ღირებულებით, რათა მენენდესის დახმარება მიეღო ამ გამოძიების ჩაშლაში. სასამართლო მტკიცებულებების თანახმად, სენატორი ასევე დაეთანხმა კონგრესის რეზოლუციის მხარდაჭერას, რომელიც ყატარს 2021 წელს ავღანეთიდან ლტოლვილების ევაკუაციის ძალისხმევისთვის აქებდა, იმავე დროს დეიბასმა მიაღწია ინვესტიციის მიღებას ყატარის შეიხისგან, რომლის ფონდმაც საბოლოოდ დაამტკიცა 95 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა მის ელიტარულ უძრავი ქონების პროექტში.

მესამე ბიზნესმენი, სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი ხოსე ურიბე, გასულ წელს ცნეს დამნაშავედ და როგორც მან განაცხადა, სენატორს ქრთამის სახით Mercedes-Benz-ის კაბრიოლეტი გადასცა მისი ცოლის, ნადინ მენენედესისთვის, რომელიც სასამართლოს წინაშე წელს უნდა წარსდგეს. ურიბემ ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ მას სურდა „შეეჩერებინა და ჩაეკლა“ ნიუ-ჯერსის ხელისუფლების მიერ მისი ბიზნეს პარტნიორების მიმართ სადაზღვევო თაღლითობის საქმეზე მიმდინარე ორი გამოძიება და რომ მენენდესმა სცადა შუამავლობა ორივე შემთხვევაში, შეშფოთება გამოხატა უშუალოდ შტატის გენერალურ პროკურორთან სატელეფონო საუბრისას და შემდეგ შეხვედრისას.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები