GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატები არ გააგრძელებს ტარიფების დაწესებას კოლუმბიაზე, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დათანხმდა დეპორტირებული მიგრანტების შეზღუდვების გარეშე მიღებას, – ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
დონალდ ტრამპმა 25%-იანი ტარიფები დააწესა ყველა კოლუმბიურ საქონელზე მას შემდეგ, რაც კოლუმბიის პრეზიდენტმა ორ ამერიკულ სამხედრო ავიახომალდს, რომელსაც აშშ-დან კოლუმბიაში დეპორტირებული პირები გადაჰყავდა, კვირას, 26 იანვარს, ქვეყანის აეროპორტებში დაშვების უფლება არ მისცა.
კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ თავდაპირველად განაცხადა, რომ იგი მიიღებდა დეპორტირებულებს მათი „სამოქალაქო თვითმფრინავებით გადმოყვანის შემთხვევაში, ისე რომ მათ არ მოეპყრობოდნენ, როგორც დამნაშავეებს“.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლუმბია ახლა უკვე დათანხმდა მიიღოს მიგრანტები, რომლებიც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებით იქნებიან ჩაყვანილი „შეზღუდვის ან დაგვიანების გარეშე“.
კოლუმბიის ოფიცილაური პირების განცხადებით, ვაშინგტონი დათანხმდა, რომ დაბრუნებულ მოქალაქეებს ღირსეულად მოექცევა.
გუსტავო პეტრომ კვირას დეპორტირებულებით სავსე აშშ-ის სამხედრო ხომალდების მიღებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მიგრანტები უნდა დაბრუნდნენ „ღირსებით და პატივისცემით“.
ამის საპასუხოდ, ტრამპმა „გადაუდებელი და გადამწყვეტი საპასუხო ზომების“, მათ შორის ტარიფებისა და სავიზო სანქციების შესახებ გამოაცხადა თავის სოციალურ მედია საიტზე Truth Social.
„საგანგებო 25-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი აშშ-ში შემოსულ ყველა საქონელზე, მგზავრობის აკრძალვა და კოლუმბიის მთავრობის თანამდებობის პირებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ვიზების გაუქმება, სავიზო სანქციები კოლუმბიის მთავრობის ყველა პარტიის წევრს, მათი ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს“, – განაცხადა ტრამპმა.
პეტრო ტრამპს სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა, სადაც მან თავისი ტარიფების შესახებ აღნიშნა. „თქვენი ბლოკადა არ მაშინებს, რადგან კოლუმბია, გარდა იმისა, რომ სილამაზის ქვეყანაა, მსოფლიოს გულიცაა“, – თქვა მან.
მწვავე განცხადებებიდან რამდენიმე საათში, როგორც ჩანს, ორივე მხარემ მოაგვარა ერთმანეთთან დაპირისპირება. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ კოლუმბია დათანხმდა „პრეზიდენტ ტრამპის ყველა მოთხოვნას“.
თეთრი სახლის ცნობით, ტრამპის მიერ შეთავაზებული ტარიფები იყო „სრულად შემუშავებული“ და კვლავ განხორციელდება, თუ კოლუმბია არ შეასრულებს ამ შეთანხმებას.
ტრამპმა ასევე გამოაცხადა სავიზო სანქციები და საზღვარზე კოლუმბიელების მიმართ გაძლიერებული ინსპექტირება. ეს შეზღუდვები ძალაში დარჩება მანამ, „სანამ კოლუმბიელი დეპორტირებულების პირველი თვითმფრინავი წარმატებით არ დაბრუნდება“, – განაცხადა თეთრმა სახლმა.