GUARDIANGE – ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მაია შავაძე, რომელიც 1989 წლიდან ასწავლის ქართულ ენას გოგაშენის საჯარო სკოლაში, 2023 წლის 17 ნოემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის დაკეტვის პირას მყოფი საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა და როგორც თავად ამბობს, გასული სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში არაერთი ინფრასტრუქტურული საკითხი მოაგვარა.
„აფნიის საჯარო სკოლაში, 2023 წლამდე მხოლოდ ორი მოსწავლე, და-ძმა ირიცხებოდა, თუმცა მათი ოჯახის საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის გამო, სკოლა დაიკეტა და რომ არა სოფლის მოსახლეობის და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, ეს სკოლა დახურული სკოლების რიცხვში აღმოჩნდებოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ის მოსწავლეები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო აფნიიდან მეზობელ სოფელ გოგაშენში დადიოდნენ სასწავლებლად, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდნენ, ახალციხეში გადასული ოჯახის ორი შვილი, და-ძმა კოჩალიძეებიც ისევ ამ სკოლაში დაბრუნდა და 2023-2024 სასწავლო წელს 9 მოსწავლით დავასრულეთ სწავლის პროცესი, თუმცა უკვე 2024-2025 სასწავლო წელს, სკოლაში 12 მოსწავლე ირიცხება და არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში კვლავ გაიზარდოს მოსწავლეთა რაოდენობა, თუკი მიგრაციის პროცესის ზრდას და შობადობის კლებას არ ექნება ადგილი. ამასთან, უნდა ითქვას, რომ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ უკვე საბაზო სკოლები 10-კლასიანი გახდა. ჩვენ წელს მე-9 კლასში გვყავს მოსწავლე და ამ სასიკეთო ცვლილებიდან გამომდინარე, ის მომავალ წელსაც ჩვენთან დარჩება“, – უთხრა GUARDIANGE-ის მაია შავაძემ, რომელიც დირექტრობის პარალელურად გოგაშენის საჯარო სკოლაში პირველ ცვლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ამ დრომდე ასწავლის.
დირექტორის თქმით, სკოლაში მოწესრიგდა ინფრასტუქტურა, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, რითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ავტორიზაციისთვის საჭირო პარამეტრების დასაკმაყოფილებლად.
„პრობლემები თავზე საყრელი დაგვხვდა, მწყობრიდან იყო გამოსული ელექტროგაყვანილობა, ვიდეო კამერები გაფუჭებული, სახანძრო უსაფრთხოება უმოქმედო, საკლასო ოთახების რაოდენობა არასაკმარისი. ფაქტობრივად, ყველაფერი თავდაყირა დაგვხვდა.
„თავდაპირველად, საკლასო ოთახების სახელდახელოდ მოწყობა მოგვიწია, თუმცა ასე სასწრაფო წესით გადატიხრული ფარატინა კელდებიდან ოთახებში ხმა გადიოდა, ბავშვებს ყურადღება ეფანტებოდათ, სასწავლო პროცესი არასრულყოფილად წარიმართებოდა. ბუნებრივია, ასე არ ივარგებდა პროცესის გაგრძელება, ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ სულ მცირე 7 საკლასო ოთახის საჭიროება იდგა, სკოლის ამორტიზებული ძველი შენობის ნაწილის გარემონტება მოგვიწია. ამ ძველ შენობაში 3 საკლასო ოთახი გავარემონტეთ და და იქ გადავიყვანეთ მაღალი კლასები. ასევე, დავამონტაჟეთ უსაფრთხოების სისტემა, ვიდეო კამერები დაგვრჩა შესაძენი, დანარჩენს შეიძლება ითქვას, რომ თავი გავართვით, მოვაგვარეთ. უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი სკოლის ბიუჯეტიდან დავაფინანსეთ, საკმაოდ ძვირიც დაჯდა ამ პრობლემების მოგვარება.
შეკითხვაზე – რა დამატებითი საკითხებია მოსაგვარებელი იმისათვის, რომ მზად იყოს სკოლა ავტორიზაციისთვის და როდის უნდა გაიროს სკოლამ ავტორიზაცია? – მაია შავაძემ უპასუხა, რომ მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ სასწავლო პროცესი ერთ შენობაში არ მიმდინარეობს და კლასები, სივრცის ნაკლებობის გამო ძველ და ახალ შენობებშია გადანაწილებული.
„საკმარისი რაოდენობის ოთახები არ გვაქვს აახალ შენობაში. არ ვიცით, სამინისტრო რას გვეტყვის, გაგზავნილი გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ერთი საკლასო ოთახის რემონტის გაკეთება დაგვრჩა ძველ შენობაში, სხვა ყველაფერი მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურის მხრივ. სპეციალისტებიც მაღალი დონის გვყავს. ზუსტად ვერ გეტყვით, თუ როდის მოგვიწევს ავტორიზაციაზე განაცხადის წარდგენა“, – აღნიშნა მაია შავაძემ.
მისი თქმით, აფნიის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის შეთავაზება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო და მხოლოდ იმიტომ დათანხმდა ამ წინადადებას, რომ სამცხე-ჯავახეთში ქართული სკოლა არ დახურულიყო. დღევანდელი გადმოსახედიდან, მაია შავაძე წელიწადნახევრის წინ მიღებულ შეთავაზებაზე თანხმობას დადებითად აფასებს.
„როცა ეს ნაბიჯი გადავდგი და სკოლისკენ მივდიოდი, შიში მქონდა. გამოხურული კარების გაღება, მშობლების, მასწავლებლების დარწმუნება, რომ ავაღორძინებდით სკოლას და სათანადო სასწავლო გარემოს შევქმნიდით ბავშვებისთვის, არ იყო ადვილი, მაგრამ ეს შევძელით.
„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული ერთი სკოლიდან მეორეში ტრანსპორტირება, ორ ცვალში მუშაობა და ფაქტობრივად, მთელი დღე გარეთ ყოფნა, საკმაოდ დაცილებულ რაიონულ ცენტრამდე სიარული… ყველაფრის მიუხედავად, ბავშვების გაღიმებულ სახეებს რომ ვხედავ, ამ პატარების მოწერილ წერილებს რომ ვკითხულობ, რომ ძალიან ბედნიერები არიან ჩემთან ერთად სკოლაში ყოფნით და არ უნდათ სკოლის დამთავრება, ყველა სირთულე თუ დაღლა უკან რჩება მოტოვებული და თავს ძალზე ბედნიერად ვგრძნობ.
„სკოლაში მოსწავლეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა საინტერესო აქტივობებით მიიღწევა. თავად გვთხოვენ ბავშვები გასართობი თუ სპორტული ინვენტარის მოტანას. ჩვენ მზად ვართ მათ სამსახურში ვიყოთ, ყველანაირად ხელს ვუწყობთ მომავალი თაობის განვითარებას.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვემადლიერები პედკოლექტივს, რომლისგანაც უპირობო მხარდაჭერა მაქვს. საათები სამართლიანად და ადეკვატურადაა განაწილებული და ურთიერთობა პატივისცემაზეა აგებული. არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია არც საათების განაწილებაზე და არც სხვა მხრივ. ყველა კმაყოფილია გაზრდილი ხელფასითაც და საათების განაწილებითაც. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ პოზიტიური კოლექტივია და შეთანხმებულად ვმოქმედებთ“, – განაცხადა მაია შავაძემ.
შეკითხვაზე – თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე განათლების სისტემა, რომ მოსწავლემ და მასწავლებელმა უფრო სასიამოვნოდ აღიქვას სასკოლო გარემო – მაია შავაძე პასუხობს, რომ საგანმანათლებლო სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მოსწავლეს სკოლაში მისვლა უხაროდეს.