Saturday, January 25, 2025
4.8 C
Tbilisi

დონალდ ტრამპმა ჯონ და რობერტ კენედებისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობების დოკუმენტებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნის ბრძანება გამოსცა

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურ პირებს დავალება მისცა აშშ-ის ისტორიაში სამ ყველაზე გახმაურებულ, ერთმანეთის მიყოლებით განხორციელებულ მკვლელობებთან დაკავშირებით დოკუმენტებს გრიფით საიდუმლო სტატუსი მოეხსნას. საქმე ეხება პრეზიდენტ ჯონ კენედის, მისი ძმის, სენატორ რობერტ კენედისა და ცნობილი სამოქალაქო უფლებების დამცველის, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობებს.

ბრძანება ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს აძლევს მითითებას, რომ 15 დღის ვადაში წარადგინონ გეგმა მკველლობებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნის შესახებ.

„უამრავი ადამიანი ამას დიდხანს ელოდება, წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში და ყველაფერი გამოვლინდება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ ოფისში ხუთშაბათს, 23 იანვარს.

პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1963 წელს დალასში მოკლეს. მისი ძმა, რობერტ კენედი 1968 წელს კალიფორნიაში პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისას მოკლეს და მხოლოდ ორი თვე იყო გასული მისი მკვლელობიდან, როცა კინგი, ამერიკის ყველაზე ცნობილი სამოქალაქო უფლებების დამცველი მემფისში, ტენესის შტატში მოკლეს.

გამოძიებასთან დაკავშირებული ბევრი დოკუმენტი გამოქვეყნდა მას შემდეგ, თუმცა ათასობით დოკუმენტი კვლავ რჩება საიდუმლოდ, განსაკუთრებით პრეზიდენტ ჯონ კენედის გამოძიებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტ ჯონ კენედის ლი ჰარვი ოსვალდმა ესროლა, საზღვაო ქვეითი ბრიგადის ვეტერანმა.

ლი ჰარვი ოსვალდი დალასის პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ 1963 წელს. ოსვალდი მკვლელმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოკლა.

აშშ-ის მთავრობის კომისიამ დაადგინა, რომ ოსვალდი მარტო მოქმედებდა. თუმცა, პასუხგაუცემელი კითხვები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ამ საქმესთან დაკავშირებით და წარმოშობდა მკვლელობის ალტერნატიულ თეორიებს – მთავრობის აგენტების, მაფიის და სხვა ბოროტი განზრახვის პირების ჩართულობის შესახებ – ისევე როგორც უფრო უცნაურ შეთქმულების თეორიებსაც.

ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელთა უმეტესობას არ სჯერა, რომ ოსვალდი იყო ერთადერთი მკვლელი.

1992 წელს კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც გამოძიებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს 25 წლის განმავლობაში გამოაქვეყნებდა. როგორც ტრამპმა, ასევე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა გამოაქვეყნეს ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული უამრავი დოკუმენტი, მაგრამ მილიონებიდან ათასობით კვლავ ნაწილობრივ ან სრულად საიდუმლოა.

ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში, პირობა დადო, რომ ყველა ფაილს გაასაჯაროვებდა, მაგრამ არ შეასრულა დაპირება მას შემდეგ, რაც CIA-სა და FBI-ს წარმომადგენლებმა დაარწმუნეს, რომ ფაილების ნაწილზე გრიფით საიდუმლო არ უნდა მოეხნა. ტრამპის 23 იანვრის აღამსრულებელ ბრძანებაში კი ნათქვამია, რომ საიდუმლოების შენარჩუნება „საზოგადოების ინტერესებს არ შეესაბამება“.

ბოლოდროინდელმა დოკუმენტებმა გამოავლინეს ახალი დეტალები ჯონ კენედის მკვლელობის გარემოებების შესახებ, მათ შორის CIA-ს მიერ პრეზიდენტის მკვლელის, ოსვალდის ინტენსიური მონიტორინგის შესახებ.

2023 წელს, პოლ ლენდისმა, ყოფილმა საიდუმლო სამსახურის 88 წლის აგენტმა, რომელიც ახლო მანძილიდან შეესწრო მკვლელობას, თქვა, რომ კენედის დაჭრის შემდეგ მანქანიდან ტყვია ამოიღო.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს დეტალი ართულებს ოფიციალურ ვერსიას იმის შესახებ, რომ ერთი ტყვია მოხვდა როგორც პრეზიდენტს, ასევე ტეხასის გუბერნატორს, ჯონ კონალის, რომელიც პრეზიდენტის კორტეჟში იმყოფებოდა და გადაურჩა სიკვდილს.

ხუთშაბათს თეთრ სახლში ხელმოწერის ცერემონიის დროს, ტრამპმა ითხოვა რობერტ ფიცჯერალდ კენედის შვილის და ჯონ კენედის ძმისშვილის, მის მიერ ჯანდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილი, რობერტ კენედი უმცროსის მიერ მოცემული კალამი, რომლითაც მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას.

რობერტ კენედი უმცროსი დიდი ხანია ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ ვერსიებს თავისი ბიძის, ჯონ კენედის, ისევე როგორც მამის, რობერტ კენედის მკვლელობის შესახებ.

რობერტ კენედი უფროსი ლოს-ანჯელესში გამართულ წვეულებაზე პალესტინელმა მამაკაცმა სირჰან სირჰანმა მოკლა, რომელიც გაბრაზებული იყო აშშ-ის მიერ ისრაელისადმი მხარდაჭერით.

რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი სირჰანს ციხეში ესაუბრა და განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ სირჰანია მამამისის მკვლელი, თუმცა კენედის ოჯახის სხვა წევრები უარყოფენ ამ პრეტენზიას.

მარტინ ლუთერ კინგი თეთრკანიანმა ნაციონალისტმა, ჯეიმს ერლ რეიმ მოკლა. თუმცა, კინგის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ რეი მარტო არ მოქმედებდა და უფრო დიდი შეთქმულების ნაწილი იყო.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები