აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრმაპს, ინაუგურაციის დღეს, ოვალურ ოფისში, სამუშაო მაგიდის უჯრაში ხელით დაწერილი წერილი დაუტოვა და შეერთებული შტატების ახალ ლიდერს და მის ოჯახს „ყველაფერი საუკეთესო“ უსურვა. ბაიდენის წერილი ტრამპმა გაასაჯაროვა.
„ძვირფასო პრეზიდენტო ტრამპ, როცა მე ვტოვებ ამ წმინდა თანამდებობას, მინდა, გისურვოთ შენ და შენს ოჯახს ყველაფერი საუკეთესო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ამერიკელი ხალხი და მსოფლიოს გარშემო მყოფი ხალხი თეთრი სახლისგან ელოდება სიმტკიცეს ისტორიის გარდაუვალ ქარიშხლებში. მე ვლოცულობ, რომ მომავალი წლები იყოს კეთილდღეობის, მშვიდობისა და მადლიერების პერიოდი ჩვენი ერისთვის. ღმერთმა დაგლოცოს და წარგიძღვეს ისე, როგორც დალოცა და წარუძღვა ჩვენს საყვარელ ქვეყანას დაარსების დღიდან“, – წერია ბაიდენის მიერ დატოვებულ წერილში.
ტრამპმა წერილს „შთამაგონებელი და სასიამოვნო“ უწოდა და აღნიშნა, რომ იგი აფასებს ბაიდენის ამ ჟესტს.
მანამდე წერილის შინაარსის შესახებ ჯო ბაიდენს ჰკითხეს, თუმცა მან არ ისურვა წერილის შინაარსზე საუბარი და აღნიშნა, რომ ეს ტრამპსა და მას შორის დარჩებოდა.
2021 წელს თანამდებობის დატოვებისას ტრამპმაც დაუტოვა წერილი თავის შემცვლელს, რომელსაც ბაიდენმა მოგვიანებით „ძალიან გულუხვი“ უწოდა.
ამერიკაში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, წინამორბედი პრეზიდენტი ახალ პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში წერილს უტოვებს. ეს ტრადიცია „რესპუბლიკელმა“ ორგზის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა 1989 წელს დაამკვიდრა, როდესაც თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალ პრეზიდენტს, ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშს, რომელიც რეიგანის ორივე ვადით პრეზიდენტობისას მისი ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო, წერილი დაუტოვა.