Monday, January 6, 2025
6.8 C
Tbilisi

დრამატული დაპირისპირების ფონზე გამომძიებლებმა შეაჩერეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის დაკავების მცდელობა

GUARDIANGE – სამხრეთ კორეის მაღალჩინოსანთა კორუფციის საგამოძიებო ოფისმა განაცხადა, რომ აჩერებს პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის დაკავების მცდელობას მას შემდეგ, რაც ეს „მედგარი დაპირისპირების“ გამო შეუძლებელი აღმოჩნდა.

პოლიციის ოფიცრებსა და იუნ სუკ იოლის საპრეზიდენტო უსაფრთხოების გუნდს შორის ერთსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით, საკითხის განხილვის შემდეგ გამოაცხადებენ.

სამხრეთ კორეის პოლიციის ოფიცრები პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის სახლთან მივიდნენ, რათა დაეპატიმრებინათ იგი დეკემბრის დასაწყისში მის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო.

დაახლოებით 20 ოფიცერი გაემართა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ ადგილობრივი დროით 08:00 საათზე (23:00 GMT) და მათი რაოდენობა 80-მდე გაიზარდა ერთი საათის შემდეგ, იტყობინებიან BBC-ის ჟურნალისტები შემთხვევის ადგილიდან, თუმცა პრეზიდენტის უსაფრთხოების ძალები წინააღმდეგობას უწევდნენ იუნ სუკ იოლის დაპატიმრების მცდელობას.

იუნის მხარდამჭერები პრეზიდენტის სახლთან არიან შეკრებილი მხარდამჭერი ლოზუნგებით და პირობას დებენ, რომ დაბლოკავენ მისი დაკავების მცდელობას.

პრეზიდენტის მხარდამჭერები სამხრეთ კორეის და აშშ-ის დროშებს აფრიალებენ

პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, ისინი გაასაჩივრებენ დაპატიმრების „უკანონო“ ორდერს.

სასამართლომ იუნ სუკ იოლის დაპატიმრების ორდერი ამ კვირის დასაწყისში მას შემდეგ გასცა, რაც მან უგულებელყო საგამოძიებო ორგანოების არაერთგზის თხოვნა, მისულიყო დაკითხვაზე და მათთვის ოფისში ჩხრეკის ჩატარების უფლება მიეცა.

იუნს უფლებამოსილება 14 დეკემბერს, მას შემდეგ შეუჩერდა, რაც კანონმდებლებმა მის იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი, მაგრამ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და აჯანყების წაქეზებაში ედება ბრალი.

რა უნდა იცოდეთ იუნ სუკ იოლის შესახებ

2022 წელს, იუნ სუკ იოლმა, მაშინ პოლიტიკაში ახალბედამ, საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კორეის ისტორიაში ყველაზე მცირე უპირატესობით მოიგო. მაგრამ ის მალევე აღმოჩნდა სკანდალში გახვეული, დიდწილად მისი მეუღლის, კიმ კიონ ჰის გამო, რომელსაც ბრალი ედებოდა პასტორისგან Dior-ის ხელჩანთის მიღება.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 2024 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დიდი გამარჯვება მოიპოვა, იუნი კოჭლ პრეზიდენტად ჩამოქვეითდა, რომელიც მხოლოდ ვეტოს უფლებას იყენებდა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი

პოლიტიკური გამოწვევების გამო, რომელიც მას კედელთან აყენებდა, იუნმა ყველაზე რადიკალური ვარიანტი აირჩია – საომარი მდგომარეობის დაწესება. თუმცა როგორც მთელმა რიგმა განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ეს პრეზიდენტის სერიოზული შეცდომა აღმოჩნდა, რომელიც დღეს მისი დაკავების მცდელობით დასრულდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები