ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სახაზინო დეპარტამენტის განკარგულების მიხედვით, „შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაზე, რომელშიც ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, აკონტროლებს თუ არა იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50 თუ მეტ პროცენტს“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია კი მკაცრად არის დაგმობილი „ქართული ოცნების“ ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივი რეპრესიები საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
როგორც ბლინკენი აღნიშნავს, აშშ ვალდებულია, ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საქართველოში.
„ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის ძირგამომთხრელად რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა შეასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება საქართველოში. გარდა ამისა, მათ ჩაშალეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. მომავალი, რომელსაც ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. შედეგად საქართველო დაუცველი დარჩა რუსეთის წინაშე, რომელიც კვლავ აგრძელებს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის ოკუპაციას.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების, პროტესტანტების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციური ფიგურების მიმართ. შეერთებული შტატები ვალდებულია, ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საქართველოში.
ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის სექცია 1(a)(ii)(C)-ის შესაბამისად, რადგან პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა, ან პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული იყო ან ცდილობდა ჩართულიყო ისეთ ქმედებებში ან პოლიტიკაში, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით ან სასარგებლოდ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომლსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.
ივანიშვილის დასანქცირების შესახებ განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმაც.
„აშშ ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. მისმა ქმედებებმა შესაძლო გახადა ადამიანის უფლებების დარღვევები და ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ“, – წერს მილერი სოციალურ ქსელში.