ფარისევლობაა, როდესაც ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ, ხელს ითბობენ და ბიზნესს რუსეთთან ვაჭრობით აწყობენ, გამოდიან მედიით და ლაპარაკობენ, თითქოს საფრთხე ექმნება ევროპულ მომავალს და ა.შ., და მეორე, ეს არის იმ დაანონსებული ძალადობის შედეგი, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი რუპორების მხრიდან ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროცესში „ბიემჯი“ და გიორგი ისაკაძეა განსაკუთრებულად ჩართული.
„შეგახსენებთ, რომ ბატონმა ისაკაძემ აღიარა, რომ ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი ტრიბუნიდან გვესაუბრება, მედიიდან. ადამიანი, რომელიც საკუთარი აღიარებითვე ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული. ბანკი „ქართუს“ საქმეს შეგახსენებთ, სადაც მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, თაღლითურად, ყალბი ჩვენებით, ვითომდა რაღაც ვალები დაიდო სახელმწიფოსთან და იმ სქემით, რომელიც მაშინ სააკაშვილს და ადეიშვილს, გილაურს ჰქონდათ შექმნილი, ნიკა გილაურის სქემით ცდილობდნენ ბანკი „ქართუს“ გაკოტრებას და ეს ადამიანი, გიორგი ისაკაძე, ბიზნესის რეკეტში ჩართული ადამიანი, დღეს სტუდიაში კრებს ბიზნესს, ქმნის ვებგვერდს, რომელსაც თავისუფალ ბიზნესს ეძახის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ცინიზმია, როდესაც ცენზორები მედიის დამოუკიდებლობაზე საუბრობენ, ბიზნესის რეკეტიორები კი, ბიზნესის თავისუფლებაზე.
„ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში ამ სტუდიებში შეკრება, ვებგვერდები, ემსახურება და ამიტომაც არის შერჩეული ბატონი გიორგი ისაკაძე, როგორც ბიზნესის რეკეტის სახე, რომ ყველას შეუთვალონ, თუკი რამე მოხდა, ზუსტად ისეთივე რამ დაემართება ამ ბიზნესებს, რაც მათ დამართა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, გიორგი ისაკაძის, ნიკა გილაურის და სხვა ასეთი ოდიოზური ფიგურების მონაწილეობით. ვებგვერდი, რომელიც შექმნეს და რომელზეც ერთი ხმა არ ამოიღო არცერთმა „ენჯეომ“, არცერთმა საელჩომ არაფერი არ გააკეთა, ეს ვებგვერდი რა არის, თუ არა ჩვეულებრივი დასახვრეტთა სია, ქურთუკიანი, მაუზერიანი ბოლშევიკების დასახვრეტი შავი სია, რომელსაც ადგენდნენ და რომლის ქვეტექსტი არის მუქარა – თუ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, დახედეთ სიას, ამ სიის მიხედვით დავივლით თითოეულ ბიზნესს და თითოეულ ბიზნესს მოგიწყობთ იმ ტერორს, რომელიც მოვაწყვეთ „ნაციონალური მოძრაობის“ დროსო. ამას ეუბნებიან ზუსტად ამ ბიზნეს, ამას ეუბნება ნიკა გილაური, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ისაკაძე, რომელიც მათი სპიკერია, როგორც ადრე ჰყავდათ საკონტაქტო პირადი ბიზნესის რეკეტისთვის. ახლა რაც ხდება ზუსტად ასეთი ბიზნესის რეკეტის დაანონსებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამის მოტივია დაშინება.
„ამ ბოლშევიზმის იდეა არის ტერორი, ეს იდეაა ამაში ჩადებული, რომ დააშინონ ბიზნესი. საინტერესო ის არის, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ბიზნესის თავისუფლებაზე და რატომაა თავისუფლება კარგი, რომ თავისუფლება, განსხვავებით მონობისგან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჰქონდათ და ცდილობდნენ, დაეთრგუნათ ყველა, ვინც კი ამ ქვეყანაში რამეს აკეთებდა, თავისუფლება იმით არის კარგი, რომ თავისუფლება აჩვენებს ადამიანების ნამდვილ სახეს. მონობაში და დამოკიდებულებაში როდესაც არის ადამიანი, მას შეუძლია შეინიღბოს, ხოლო თავისუფლება მას აიძულებს, საკუთარი ნამდვილი სახე აჩვენოს. ამ პერიოდმა გვაჩვენა ბევრის ნამდვილი სახე, მათ შორის იმ ბიზნესების ნამდვილი სახე გვაჩვენა, რომლებიც რაღაც მატერიებზე საუბრობენ და მთავარი ბიზნესის წარმოების ადგილად რუსეთი აქვთ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ნამდვილ სახეს, ამიტომაც არის კარგი ის თავისუფლება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ყველა სფეროში და მათ შორის ბიზნესში. ქართველი ხალხი ხედავს, ვინ არიან ფარისეველი ბიზნესმენები, მშიშარა ბიზნესმენები, რომლებიც გიორგი ისაკაძის შეთვლილი მესიჯით დაშინებულები შეიძლება იყვნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, როგორც ამას პირველი არხი იტყობინება.