Tuesday, December 24, 2024
12.8 C
Tbilisi

[ვიდეო] სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თუკი ახალი არჩევნების დანიშვნაზე ბიძინა ივანიშვილი მის წინადადებას არ მიიღებს, რეჟიმი ჩამოიშლება და მაინც დაინიშნება ახალი არჩევნები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი არჩევნების თარიღის განსაზღვრის მიზნით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს და გამოთქვამს მზადყოფნას მას ერთი-ერთზეც კი შეხვდეს, თუკი იგი ამას მოისურვებს, ოღონდ ის ამ შეხვედრის გამართვას 29 დეკემბრამდე ითხოვს.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ რეჟიმი ჩამოიშლება და მაინც დაინიშნება ახალი არჩევნები.

„მეორე ვარიანტით მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მაგრამ მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის, უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა, რომ ყოველდღიურად ახალი სეგმენტები საზოგადოების, ახალი ჩინოსნები სხვადასხვა დარგის, ახალი ბიზნესები უერთდებიან პროტესტს

არა ისინი, ვინც დღეს მივიდნენ კობახიძესთან, მაგრამ მთელი დანარჩენი დიდი ჯარი ქართული ბიზნესის, რომელსაც არ აქვს ისეთი მჭიდრო კავშირები რუსეთთან. დანარჩენი ბიზნესი ძალიან წუხს, ძალიან ღელავს და ხედავს საითკენ მიდის ქვეყანა და საითკენ მიდის ასევე ჩვენი ფინანსური სტაბილურობა იმ სიტუაციაში, როცა სანქციები უკვე დაწესებულია და როცა ეროვნული ბანკი არ იშლის და აგრძელებს თავის სრულიად გაუგონარ პოლიტიკას

რეჟიმის ჩამოშლა – ეს არის ის ალტერნატივა. ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა, ყველაფერი არ იქნება, როგორც თვლის „ოცნება“, საჭირო არის დათმობა, საჭირო არის აღიარება რაღაცების, მაგრამ შეიძლება კომპრომისი, თუ არა და ეს არის რეჟიმის ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა წინასწარ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.

მან თქვა, რომ 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩება ქვეყნის მთავარსარდლად და ლეგიტიმურ პრეზიდენტად და „შეიქმნება საბჭო იმისთვის, რომ ვმართოთ ეს პერიოდი“.

„შეიქმნება ისევე საბჭო, იმისთვის, რომ ვმართოთ ეს პერიოდი. ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი, ეს იქნება მომზადება ახალი არჩევნების. უკვე მზადდება და ხვალ ალბათ იქნება მზად დოკუმენტი რომელიც აღწერს ყველა იმ პირობებს, რომელიც არის მინიმალური ჯერ პირობები იმისთვის, რომ არჩევნები ძალიან მალე ჩატარდეს და მერე იქნება მუშაობა იმისთვის, რომ ყველა კუთხით, ყველა შესაძლო მიმართულებით, ყველამ ერთად მოვითხოვოთ და მოვამზადოთ და თვითონაც ვიყოთ მზად, რადგან ეს ახალი არჩევნები ნამდვილად იქნება ახალი არჩევნები. ალბათ გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისას უნდა ვიყოთ მზად“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.

ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ არავის ამ ქვეყანაში არ უნდა არეულობა.

„მმართველი პარტიის გეგმებში, სცენარებში, ზოგიერთი სცენარი ჩვენც გვაქვს ნანახი, ძალიან აწვებიან იმას, რომ იქნება არეულობა, იქნება სამოქალაქო დაპირისპირება და რაღაცნაირად ამ სცენარს უწყობენ ხელს. ნაძვის ხის მომენტი იყო ამის დასტური, გუშინაც ალბათ იმედი ჰქონდათ და ამიტომ იყო ამდენი პოლიციელი თავმოყრილი თავისუფლების მოედანზე, შიგადაშიგ აბრალებენ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ უნდათ გადატრიალება, მათ უნდათ რევოლუცია და ამიტომ უნდა დაიჭირონ და გააუქმონ პარტიები და ა.შ.

მეც მაბრალებენ რადიკალიზმს, არ ვიცი სად დაინახეს. არა, არავის, ვისაც შეგნებული აქვს ამ ქვეყნის მომავალი როგორი უნდა იყოს და როგორი გვინდა და ვისთან ერთად გვინდა – ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, ამისთვის ჩვენ არანაირი არეულობა არ გვაწყობს, გვაწყობს ქვეყნის განვითარება და ქვეყნის განვითარებას სჭირდება მშვიდობა და თქვენ, რომლებიც ამდენს ლაპარაკობდით ვითომც მშვიდობაზე, რეალურად გვაშინებდით ომის საფრთხით, გარე ომის საფრთხით, რომლით ჯერ გაუგებარია და გაურკვეველია, ახლა  გინდათ, რომ დაგვაშინოთ შიდა ომით, არც ერთი არ გამოვა და არც მეორე. ეს ქვეყანა წავა თავისი გზით მშვიდობიანად, გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს და იქნება ძალიან წარმატებული და ძლიერი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები