Friday, December 27, 2024
2.8 C
Tbilisi

ეუთო/ოდირი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებული შემაჯამებელი ანგარიშის შესახებ პრესრელიზს აქვეყნებს.

პრესრელიზის თანახმად, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების საბოლოო ანგარიშში იმეორებს თავის ადრინდელ მიგნებებსა და დასკვნებს.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდებოდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რამაც ხმის მიცემის დღის პრაქტიკასთან ერთად, საფრთხე შეუქმნა ზოგიერთი ამომრჩევლის უფლებას, ხმა მისცენ შურისძიების შიშის გარეშე.

შემაჯამებელი პრესრელიზის თანახმად, არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას, ODIHR-მა დაადგინა, რომ საქმეები საკმარისად არ განიხილებოდა, რაც ზღუდავდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო პროტესტების ძალადობრივი ჩახშობა და მრავალი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

„ჩვენს საბოლოო ანგარიშში გამოვლენილმა მრავალმა საკითხმა ნეგატიურად იმოქმედა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და შეარყია საზოგადოების ნდობა პროცესის მიმართ“, – განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელიც საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, საქართველოში ამჟამად საფრთხის ქვეშ მყოფი დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უპასუხოს ყველა პრობლემას.

„მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო ბაზა იძლევა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლოდროინდელი ხშირი შესწორებები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, აჩენდა შეშფოთებას მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურა ODIHR-ის გრძელვადიანი რეკომენდაცია ყოვლისმომცველი საკანონმდებლო მიმოხილვის ჩატარების შესახებ“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, დღევანდელ ანგარიშში კვლავ ხაზგასმულია პოლარიზებული და ინსტრუმენტალიზებული მედიისა და კამპანიის დაფინანსებაზე შეზღუდული ზედამხედველობის უარყოფითი გავლენა, თუმცა მონაწილეებს ძირითადად შეეძლოთ, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია და 18 პარტიის სიის კანდიდატები თავშეკავებულ კამპანიას აწარმოებდნენ.

როგორც შემაჯამებელ პრესრელიზშია აღნიშნული, მმართველი პარტიის მიერ მიღებულმა ბევრმა უპირატესობამ, ფინანსური რესურსების მნიშვნელოვან დისბალანსთან ერთად, ხელი შეუწყო არათანაბარ გარემოს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, არჩევნებისთვის მზადება კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა, არჩევნების დღეს ხმის ფარულობასთან დაკავშირებულმა ხშირმა დარღვევამ, რამდენიმე პროცედურულმა შეუსაბამობამ, ზეწოლისა და დაშინების შესახებ ცნობებმა, მათ შორის პროცესის ჩაწერის გზით, უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე და სხვა მხრივ პროცედურულად მოწესრიგებულ საარჩევნო დღეზე.

„დღევანდელ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საჩივრები როგორც არჩევნების დღემდე, ისე მის შემდეგ, ხშირად არ განიხილებოდა სრულყოფილად და უარყოფილი იყო ტექნიკური ნიშნით, რაც ძირს უთხრის სათანადო განხილვის უფლებას. აქედან გამომდინარე, ODIHR-ი რეკომენდაციას უწევს ზომების მიღებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა და გაიზარდოს საზოგადოების ნდობა. არჩევნების შემდეგ ასევე იყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც არაერთხელ იქნა ძალადობრივად დაშლილი და რასაც მოჰყვა მრავალი დაპატიმრება, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სისასტიკის შესახებ ბრალდებები, რაც არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლებასა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებისგან თავისუფლებას“, – ნათქვამია შემაჯამებელ პრესრელიზში.

პრესრელიზში განმარტებულია, რომ ODIHR-ის მანდატი არ არის არჩევნების აღიარება ან მხარდაჭერის გამოცხადება.

„ამის სანაცვლოდ, ODIHR-ი უზრნველყოფს საარჩევო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას უნივერსალური პრინციპების, საერთაშორიოს ვალდებულებებისა და ეუთო-ს ყველა სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ვალდებულების საფუძველზე. ეს საშუალებას აძლევს ამომრჩევლებს, თავად ჩამოაყალიბონ საკუთარი გადაწყვეტილება არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით. ოფისი ასევე მზადაა, მხარი დაუჭიროს არჩევნებში დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრს მათ ძალისხმევაში, გადაჭრან პრობლემები პოსტსაარჩევნო დიალოგისა და კონკრეტული ქმედებების გზით.

დღევანდლეი ანგარიში მოიცავს რიგ რეკომენდაციებს არჩევნების ჩატარების გასაუმჯობესებლად. ეს მოითხოვს ცვლილებებს როგორც კანონში, ასევე პრაქტიკაში, რათა გადაწყდეს პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოების დაბალ ნდობასთან, ამომრჩევლების შესაძლებლობასთან, ხმა მისცენ შიშის გარეშე და, ამავდროულად, გაიზარდოს საქართველოში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა ყველას საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირის შემაჯამებელ პრესრელიზში, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები