მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლახანს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა, ეს დასკვნა არსებითად იმეორებს წინასწარ დასკვნას, რომელიც თავის დროზე ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა უშუალოდ არჩევნების შემდეგ.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მთავარია, რომ ეუთო/ოდირი, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს არჩევნებს.
პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს კვლევის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 53,4% ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს.
„მე მინდა ასევე გაგაცნოთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენი დაკვეთით ჩატარდა. აქ იყო კითხვა არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. კითხვაზე – სამართლიანად, გასცა 45,5%-მა, მცირე დარღვევებით, პასუხი გასცა 7,9%-მა. მთლიანობაში დადებითი პასუხი გასცა გამოკითხულთა 53,4%-მა. პასუხი -მნიშვნელოვანი დარღვევებით, 4,4%, უსამართლოდ – 19,6%ანუ უარყოფითი პასუხი ჯამში გასცა 24%-მა. მიძნელდება პასუხის გაცემა, ასეთი იყო 22,6%-ის პასუხი.
მეორე კითხვა ეხებოდა იმას, თუ რამდენად მისაღები იყო გამოკითხულებისთვის, პირადად მათთვის არჩევნების შედეგები. აქ პასუხები განაწილდა შემდეგნაირად – მისაღებია 44,7%, ძირითადად მისაღებია 6,5%, ჯამში 51,2% აცხადებს, რომ მისთვის არის არჩევნების შედეგები მისაღები. ძირითადად არის მიუღებელი 3,9% და მიუღებელია 22,8%. ანუ, ჯამში, უარყოფითი პასუხის მაჩვენებელი არის 26,7%. აქაც პასუხის გაცემა გაუჭირდა 22,1%-ს.
მთლიანობაში ხედავთ, რომ ეუთო-ოდირი აღიარებს არჩევნებს, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს არჩევნებს. ეს არის მთავარი. პირველი, ვინც აძლევს ლეგიტიმაციას არჩევნებს, ეს არის ქართველი ხალხი, თქვენ ხედავთ, რომ ქართველი ხალხი აღიარებს არჩევნების ლეგიტიმაციას. ეს არის ის ხალხი, რომელმაც 54%-ით აირჩია „ქართული ოცნება“, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ოდირის დოკუმენტიც და მადლობა კიდევ ერთხელ ეუთო-ოდირს, რომელმაც სათანადოდ შეაფასა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მთლიანობაში ქმნიდა ადეკვატურ ჩარჩოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.
„მინდა, გაგაცნოთ ის ძირითადი შეფასებები, რომლებიც გვხვდება ეუთო/ოდირის ტექსტში. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მთლიანობაში ქმნიდა ადეკვატურ ჩარჩოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. პარტიების რეგისტრაცია სათანადოდ განხორციელდა და არჩევნები ამომრჩეველს ფართო არჩევანს სთავაზობდა. საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მედია იყო დივერსიფიცირებული, არჩევნებისთვის მომზადების პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების ტექნიკური ასპექტების ადმინისტრირებას ეფექტიანად ახორციელებდა, არჩევნების დღე მთლიანობაში პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მართული, კანონმდებლობა უზრუნველყოფდა არჩევნებზე აქტიურ დაკვირვებას მოქალაქეებისა და უცხოელი დამკვირვებლებისათვის. ასევე ეუთო/ოდირს ორივე მხარემ მიაწოდა ინფორმაცია იზოლირებული ძალადობრივი ინციდენტების შესახებ ანუ საუბარია, მხოლოდ იზოლირებულ ინციდენტებზე. დასკვნაში, როგორც ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში, აქაც წარმოდგენილია კრიტიკული შენიშვნები, მათ შორის საუბარია ხმის ფარულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. უბნების 76 პროცენტში, სადაც წარმოებდა დაკვირვება, ეუთო/ოდირმა ვერავითარი ხარვეზი ვერ დაადგინა. სხვა შემთხვევებში იყო ცალკეული ხარვეზები, რაც იქნა იდენტიფიცირებული. ეს უკავშირდებოდა ბიულეტენების არასწორად შეყვანას, უბნის არასათანადოდ მოწყობას, ე.წ. გაჟონვას, ვიდეოგადაღებას და ა.შ. ვიდეოგადაღებაზე მინდა, შეგახსენოთ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა იყო, ვიდეოგადაღება წარმოებულიყო საარჩევნო უბნებზე, აქედან გამომდინარე, რთულია, ეს საკითხი დარღვევად ჩაითვალოს. გარკვეული ხარვეზები იქნა იდენტიფიცირებული საჭიროების განხილვის პროცესში, ასევე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქნა განხილული პოლარიზაცია, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მედიაში. ეს არის ის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენც გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია.
მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული, ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.