დღეს დილით, მოსკოვში, სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში, რიაზანის პროსპექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე დაიღუპნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა გენერალი სახლიდან გამოდიოდა. აფეთქება, სავარაუდოდ, დისტანციური მართვით განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მდგარ სკუტერში იყო ჩამონტაჟებული.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის უკრაინულ ბიუროს განუცხადეს,. რუსი გენერლის, იგორ კირილოვის აფეთქება მათი სპეცოპერაციის შედეგია.
მედიასაშუალების წყაროების ინფორმაციით, დანაღმული თვითგორია იმ დროს აფეთქდა, როდესაც კირილოვი თანაშემწესთან ერთად, რიაზანის გამზირზე სახლის სადარბაზოში შედიოდა.
„კირილოვი იყო სამხედრო დამნაშავე და აბსოლუტურად კანონიერი სამიზნე, ვინაიდან უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენების განკარგულებებს გასცემდა. ასეთი დასასრული ელოდება ყველას, ვინც უკრაინელებს კლავს. სამხედრო დანაშაულებისთვის შურისძიება გარდაუვალია“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ BBC-ის უკრაინულ სამსახურს.