ინფორმაცია გვაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაც მოწოდებებს აპირებს, ამ დღეების განმავლობაში მეტ სისულელეს გააკეთებს, ვიდრე წინა წლების განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ოთხი ოპოზიციური გაერთიანების განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „არალეგიტიმურ პარლამენტს არ აქვს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად, ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები“.
„თავიდან დაიბნენ და ახლა რაღაც მესიჯზე ჩამოყალიბდნენ. სინამდვილეში, კი არ იბნევიან, პოზიცია არ აქვთ. დაურეკავენ ხოლმე თავის პატრონებს და რასაც ეტყვიან, ისე იქცევიან. ამიტომ იყო, რომ გუშინ ჯერ მზადყოფნა გამოთქვეს, ახლა ყველა დალაგდა და მწყობრად საერთო მესიჯბოქსს იმეორებენ. იმავეს გაიმეორებს ახლა სალომე ზურაბიშვილი, ინფორმაციებიც არსებობს, რაღაც მოწოდებებს აპირებს, სიგიჟეებს გააგრძელებს. საქართველოში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სალომე ზურაბიშვილი უფრო გავა მომსახურების არეალიდან. მეტ სულელურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, განცხადებას გააკეთებს, ვიდრე აქამდე გაუკეთებია. ამაზეც გვაქვს ინფორმაციები და შეგვიძლია, ეს წინასწარ ვთქვათ. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ამ დღეების განმავლობაში მეტ სისულელეს გააკეთებს და იტყვის, ვიდრე წინა წლების განმავლობაში გაუკეთებია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ისეთ აგონიაშია, შეიძლება, გამოვიდეს და თქვას, მოგიწოდებთ პოლიციელებო, ჯარისკაცებო, საჯარო მოხელეებო, დაიცვათ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, ახლა ამზადებენ ამისთვის ნიადაგს.
მდინარაძის თქმით, გამორიცხული არაფერია.
„შეიძლება, ეს სიგიჟეც გააკეთოს, ისეთ აგონიაშია და ისეა გასული ყველაფრიდან. შეიძლება ესეც კი გააკეთოს ისეთ მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, სალომე ზურაბიშვილი თავის სკამს ჩაფრენილი და ვიღაცა თითებს რომ აშვებინებს – გაუშვი, სალომე ხელი ამას, არ ვარგაო. რა ვიცი“, – განაცხადა მდინარაძემ.