საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს ბრალდებულები ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, სადაც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ და ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლით 4 პირს ჭრილობები მიაყენეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად სამი – ადგილზე, ხოლო ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.