გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის მერიაში 250-ზე მეტ პეტიციის ხელმომწერს პირდაპირ ევაჭრებიან და ემუქრებიან თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, სთხოვენ საახალწლო პრემიის სანაცვლოდ უკან გაიწვიონ ხელმოწერა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასევე აქვთ ინფორმაცია, რომ იგეგმება ამ პრემიების სრულად გაუქმება, რათა კიდევ უფრო დაიძაბოს თბილისის მერიისა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ვითარებ, ადამიანები გადაკიდონ ერთმანეთს.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ საჯარო სამსახურში, კერძოდ, თბილისის მერიაში დაანონსებულ რეპრესიებს. თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქია. თბილისის მერიის თანამშრომლები მყისიერად გამოეხმაურნენ სპეცოპერაციას, რომელიც ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმდინარეობს. თბილისის მერიის თანამშრომლებმა ღიად, ცალსახად და ხაზგასმით გამოხატეს ერთგულება კონსტიტუციის და ევროინტეგრაციის მიმართ. ამის საპასუხოდ თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებულმა და სამარცხვინო მერმა დაანონსა რეპრესიები მათ წინააღმდეგ. ვნახეთ, როგორ შეიმუშავეს ცვლილებები, რომელიც გაამარტივებს რეორგანიზაციის და ამ ადამიანების დევნის პროცესს. ასევე ვნახეთ, როგორ აჩუმებენ ამ ადამიანებს და როგორ ცდილობენ მათ წინააღმდეგ ბრძოლას. გვაქვს ინფორმაცია, რომ ახლა თბილისის მერიაში 250-ზე მეტ პეტიციის ხელმომწერს პირდაპირ ევაჭრებიან, ემუქრებიან თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და სთხოვენ საახალწლო პრემიის სანაცვლოდ უკან გაიწვიონ ხელმოწერა. ეს არის სამარცხვინო და დანაშაულებრივი ქმედება. ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ იგეგმება ამ პრემიების სრულად გაუქმება, რათა კიდევ უფრო დაიძაბოს თბილისის მერიისა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ვითარება, რომ ადამიანები გადაკიდონ ერთმანეთს.
პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ამ ადამიანებს, ქედს ვიხრი მათი გამბედაობის და საჯარო სამსახურის მიმართ მათი ერთგულების წინაშე. ჩვენ ვართ თქვენ გვერდით და თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ არა მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლისათვის, არამედ იმისთვის, რომ თქვენ არ დაგემუქროთ საფრთხე. მინდა, მივმართო თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს, არ მიიღოთ მონაწილეობა კალაძის მიერ დაანონსებულ რეპრესიებში და დანაშაულებრივ რეორგანიზაციაში. არ გახდეთ ამ სისხლის სამართლის დანაშაულის თანამონაწილეები. კალაძემ საკუთარი თავი ჩაწერა უკვე წითელი ასოებით ამ ქალაქის ისტორიაში, როგორც ყველაზე კორუმპირებული მერი და როგორც ამ რუსული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მედროშე. ნუ შეუერთდებით მას“, – განაცხადა საბა ბუაძემ.