Wednesday, December 4, 2024
2.8 C
Tbilisi

ვალერი კვარაცხელია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს: ის ორი კვირა, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე დაგრჩათ, როგორმე ისე გაატარეთ, რომ საპყრობილეში არ აღმოჩნდეთ

„ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

მოგმართავთ არა როგორც პრეზიდენტს, არამედ, როგორც პიროვნებას, ვინაიდან პრეზიდენტობაზე თავად განაცხადეთ უარი, როდესაც ოპოზიციის ლიდერობას წაეპოტინეთ. წაეპოტინეთ-მეთქი იმიტომ გეუბნებით, რომ ის ადამიანები, რომლებიც უშვერი სიტყვებით გლანძღავდნენ, ლიდერად მხოლოდ იქამდე გაღიარებენ, სანამ ფორმალურად საქართველოს პრეზიდენტი გქვიათ, მაგრამ ვადის ამოწურვის ანუ დღეიდან ორი კვირის შემდეგ მათთვის ისევ წაღმა-უკუღმა და ყველა ბრუნვაში სატრიალებელი სალომე იქნებით და მეტი არაფერი.

ქლბატონო სალომე, იმიტომ კი არ მოგმართავთ, რომ თქვენზე გავლენის მოხდენის იმედი მაქვს. არა, თქვენზე გავლენა ერთხელ და სამუდამოდ  მოახდინეს თქვენმა მენშევიკმა მშობლებმა, რომლებიც საქართველოს დასავლეთისთვის ჩაბარების ბინძურ საქმეს ემსახურებოდნენ, მაგრამ სხვა ძალის მიერ შეშინებულებმა ბოლომდე ბრძოლას გაქცევა ამჯობინეს. აქ ერთი საგულისხმო დეტალია: გაქცევამდე მათ პირწმინდად გაძარცვეს ბანკები, მუზეუმები, ეკლესიები და ამ ნაძარცვი განძით ”ხელდამშვენებულებმა” ევროპას მიაშურეს. თქვენ ამ საქმეში უდანაშაულო ბრძანდებით იმ ობიექტური მიზეზის გამო, რომ იმ დროს დაბადებული არ იყავით. მაშ, ეს ამბავი რატომ გავიხსენე? მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გენითაც და აღზრდითაც განძიპარია მთავრობის ის შთამომავალი ბრძანდებით, ვისი სული, სისხლი და სხეული რევანშის გრძნობითაა გაჟღენთილი.

უნდა გითხრათ, რომ ძალიან გაგიმართლათ. თქვენმა მენშევიკურმა წარმომავლობამ ფაშისტ სააკაშვილზე ისეთი გავლენა იქონია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გიბოძათ. მერე, მართალია, ინანა და გაგაპანღურათ, მაგრამ, როგორც ნამინისტრალმა, პოლიტიკოსის როლი მოირგეთ და ახალი სიმაღლეების დასალაშქრად მზადება დაიწყეთ. ესეც მოახერხეთ. თქვენი ემიგრაციული წარსულით და ძირგავარდნილი ქართული მეტყველებით ბიძინა ივანიშვილი ისე მოხიბლეთ, რომ პრეზიდენტის პოსტზე გაგამწესათ. მენშევიკური რევანში შედგა. თქვენ საქართველოს პრეზიდენტი დაგერქვათ.

პრეზიდენტი კი დაგერქვათ, მაგრამ ამან დასავლეთის სპეცსამსახურების წინაშე ოდესღაც აღებული ვალდებულებებისგან ვერ გაგანთავისუფლათ და იძულებული გახდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა უცხოეთის რეზიდენტის მოვალეობისთვის დაგექვემდებარებინათ. სხვა რა ახსნა აქვს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის საპატიო მისია უცხოური აგენტურის ლიდერის სამარცხვინო მისიაში გაცვალეთ და ერის წინამძღოლის გვირგვინს ქვეყნის მოღალატის შავი ლაქა ამჯობინეთ?!

საქვეყნო რჩევას, რა თქმა უნდა, არ მოგცემთ, ვინაიდან აზრი არა აქვს. მაგრამ ერთ სათქვენო რჩევას არ დაგაყვედრებთ: ის ორი კვირა, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე დაგრჩათ, როგორმე ისე გაატარეთ, რომ საპყრობილეში არ აღმოჩნდეთ. სამოცდაათს გადაცილებულ ადამიანს საავადმყოფოს კეთილმოწყობილ პალატას ალბათ ისევე არ დაგამადლიან, როგორც თქვენს სულიერ წინამორბედს არ ამადლიან, მაგრამ თავისუფლების მოტრფიალე ქალბატონისთვის ეს დიდი შეღავათი ვერ იქნება.

ფრთხილად იყავით!“, – წერს ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები