საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, პარლამენტის შენობასთან მივიდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა.
„მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები, სადაც შევძლებ მუდამ, იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, ვიდრე არ მივიღებთ ახალ არჩევნებს. ეს არის მიზანი, ეს არის მიზანი შიგნით, ეს არის მიზანი გარეთ, რომ გვქონდეს სრული მხარდაჭერა. არ უნდა დავთანხმდეთ, არ უნდა დავნებდეთ, ეს არის წინააღმდეგობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგვიანებით პრეზიდენტი სამართალდამცველებს მიუახლოვდა და შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„მე მაინტერესებს, ვის ემსახურებით და რატომ, რამდენი ლარისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას? მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ, ხომ? არც თქვენი შვილების? არც თქვენს წინაპრებზე? როგორ არ ფიქრობთ ქვეყანაზე? იზრუნეთ საქართველოს მომავალზე“.
მანამდე, პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კონსულტაციები გამართა დიპლომატიურ კორპუსთან, ასევე ოპოზიციის ლიდერებთან.