Monday, November 25, 2024
6.8 C
Tbilisi

ნიკა გვარამია: პარლამენტად თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმთვისებელთა ჯგუფთან რაიმე სამართლებრივ ფორმატში თანამშრომლობას სრულიად გამოვრიცხავთ

„სად ვარ და რაზე ვმუშაობ, ეთერში მოვყვები დღეს. მანამდე სიების ჩახსნაზე ჩემა და ნიკას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს გაგაცნობთ, რომელიც ცესკოს ჩაბარდა.

2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევებით. არჩევნების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე სუვერენიტეტის მთავარ წყაროს – ქართველ ხალხს ჩამოერთვა ხელისუფლების ფორმირების კონსტიტუციური უფლება და არჩევნები იქცა „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების მითვისების ფორმალურ წინაპირობად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თვითგამოცხადებული ე.წ. პარლამენტის შეკრება წარიმართა კონსტიტუციური დათქმის საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე. უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ საარჩევნო შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და შესაბამისად, არა მხოლოდ ლეგიტიმურობის, არამედ ლეგალურობის (ფორმალურ-კონსტიტუციური) კუთხით ე.წ საქართველოს პარლამენტის შეკრება უნდა ჩაითვალოს ხელისუფლების მითვისებად და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამხობად.

გასათვალისწინებელია, არჩევნების შედეგები არ უღიარებია პრაქტიკულად არც ერთ ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორს. შექმნილ ვითარებაში, აუცილებლად მივიჩნევთ, ვიმოქმედოთ მხოლოდ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებით. ქვეყანაში პარლამენტად თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმთვისებელთა ჯგუფთან რაიმე სამართლებრივ ფორმატში თანამშრომლობას სრულიად გამოვრიცხავთ. აღნიშნულს მივიჩნევთ არალეგალურ და არალეგიტიმურ პროცესებში თანამონაწილეობად.

აქედან გამომდინარე მოგმართავთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პარტიული სიიდან მოხსნათ ის დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები, რომელთა უფლებამოსილებაც არ იცნო საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით“, – წერს სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები