GUARDIANGE – რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე, პრორუსი კანდიდატი მოულოდნელად ლიდერობს. წინასწარი შედეგებით, მისი პროევროპელი კონკურენტი მეორე ადგილზეა.
ცენტრალური საარჩევნო ბიუროს მონაცემებით, დათვლილი ხმების 96%-ის მიხედვით, ულტრანაციონალისტ კალინ ჟორჟესკუს 22%, ხოლო პრემიერ-მინისტრ მარსელ ჩიოლაკუს 20% აქვს მიღებული.
პირველი ტურის საბოლოო შედეგი ცნობილი იქნება ორშაბათს, როდესაც დედაქალაქ ბუქარესტის და დიდი რუმინული დიასპორის ხმები დაითვლება.
არჩევნებში ამომრჩეველთა 51%-მა მიიღო მონაწილეობა, თითმქის იმდენივემ, რამდენმაც 5 წლის წინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში.
კვირას გამოქვეყნებული ეგზიტპოლების თანახმად, ჩიოლაკუ ლიდერობდა და მემარჯვენე ცენტრის კანდიდატი ელენა ლასკონი მეორე ადგილს იკავებდა. თუმცა, ამჟამინდელი მონაცემებით, ლასკონი მესამე ადგილზეა 18%-ით, ხოლო კიდევ ერთი ნაციონალისტი, ჯორჯ სიმიონი, მეოთხეზე.
როგორც BBC წერს, ჟორჟესკუს ასეთი შედეგი, რომელსაც საკუთარი პარტია არ აქვს და კამპანია ძირითადად სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ზე აწარმოა, არჩევნების ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.
62 წლის ჟორჟესკუმ, რომელიც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის, რუმინეთის სუვერენიტეტის განმტკიცების პირობა დადო და ასევე დაიფიცა, რომ დაასრულებს იმას, რასაც ის ევროკავშირისა და ნატოსადმი მორჩილებას უწოდებს, განსაკუთრებით უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. მან დაგმო ნატოს ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი ფარი რუმინეთში, დევესელუში.
რუმინეთის პრეზიდენტს დიდწილად სიმბოლური როლი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება.