ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. თანამდებობიდან გადადგომის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ ბჟანიამ ტამიშში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა და დაამატა, რომ მზადაა, ახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.
„კანონიერად აღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება. პარლამენტის წევრებზე არის უზარმაზარი ზეწოლა, რათა პარლამენტმა მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება არ მიიღება. მეორეც, რომც იყოს მიღებული, არ განხორციელდება. არ მინდა შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ მე ძალაუფლებას ვებღაუჭები. არა, მე მინდა ვთქვა შემდეგი: თუ არ იქნება განვითარების კონსტიტუციური ფორმები, თუ არ დავემორჩილებით კონსტიტუციას, ჩვენი სახელმწიფო ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ: ვინც ძალისმიერი მეთოდებით დაიკავა შენობა, ვინც სცადა გადატრიალების დასრულება, უნდა დატოვოს შენობათა კომპლექსი, რის შემდეგაც მე მზად ვარ დავნიშნო არჩევნები, მზად ვარ გადავდგე და წავიდე არჩევნებზე. ამ დროის განმავლობაში კი ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტი მართავს. და დაე, ხალხმა თქვას ვის უჭერს მხარს“, – განაცხადა ბჟანიამ.
ოკუპირებულ აფხაზეთში, უკვე მეორე დღეა, დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეჭრილი. სოხუმში არეულობა ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც 15 ნოემბერს „რუსული ინვესტიციების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირამდე გადადო. აქციის მონაწილეები კი კანონპროექტის წინააღმდეგ კენჭისყრას ითხოვდნენ. ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შეკრებილმა ხალხმა ჯერ ე.წ. პარლამენტის შენობის ღობე გაარღვია, შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა.