GUARDIANGE – დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს და თეთრ სახლში ისტორიული დაბრუნებისთვის ემზადება. ბოლო მონაცემებით, მას საარჩევნო კოლეგიაში 279 ხმა აქვს მიღებული, თავის მეტოქეს, კამალა ჰარისს კი 223. გამარჯვებისთვის 270 ხმა არის საჭირო. დარჩენილია 4 შტატის შედეგების გამოქვეყნება, რასაც უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება, რადგან ტრამპს გამარჯვებისთვის საჭიროზე 9-ით მეტი ხმა უკვე აქვს მოპოვებული.
BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის, (თბილისის დროით, 14:50 სთ), ტრამპს ხმების 51.0% აქვს (70 846 036) მიღებული და საარჩევნო კოლეგიაში შტატებისთვის განკუთვნილი ხმების რაოდენობის შეჯამების შედეგად, მას 279 ხმა აქვს მოპოვებული, კამალა ჰარისს კი მხარს 47.2% (65 790 908) უჭერს და საარჩევნო კოლეგიაში 223 ხმა აქვს.
შვიდი მერყევი შტატიდან ტრამპმა მოიგო ჩრდილოეთ კაროლინა, ჯორჯია, პენსილვანია და ვისკონსინი და წინ არის მიჩიგანში, ნევადასა და არიზონაში.
როგორია აშშ-ის საარჩევნო სისტემა?
აშშ-ის საარჩევნო სისტემაში პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვებაში გადამწყვეტი არის საარჩევნო კოლეგია, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. მაგალითად, კალიფორნიის შტატს საარჩევნო კოლეგიაში 54 ხმა აქვს, ტეხასს 40, ალასკას კი მხოლოდ 3.
თითოეულ შტატში პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს საარჩევნო კოლეგიის ყველა ხმის მიღებას. მაგალითად, თუ ტეხასში ამომრჩეველთა უმრავლესობა პირდაპირი კენჭისყრისას მხარს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს დაუჭერს, მაშინ საარჩევნო კოლეგიის 40 ხმას სწორედ ის მიიღებს.
გამონაკლისია მეინისა და ნებრასკას შტატები, რომლებიც პროპორციულ წარმომადგენლობას იყენებენ.
სულ საარჩევნო კოლეგიაში 538 დელეგატია, ხოლო არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა მოიპოვოს 270 ხმა.
ამგვარი საარჩევნო სისტემის გამო, შესაძლებელია კანდიდატმა პირდაპირი კენჭისყრით მიღებული ხმების რაოდენობით მნიშვნელოვნად გაუსწროს თავის კონკურენტს, მაგრამ საარჩევნო კოლეგიაში მიღებული ხმებით ჩამორჩეს მას და შესაბამისად, არჩევნებიც წააგოს. ასე მოხდა მაგალითად, 2016 წელს, როცა დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა პირდაპირი კენჭისყრით მიღებული ხმების დიდი რაოდენობით გაუსწრო დონალდ ტრამპს, მაგრამ ამ უკანასკნელმა საარჩევნო კოლეგიაში დააგროვა 270 ხმაზე მეტი და სწორედ ის გახდა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი.
შეერთებული შტატების ისტორიაში დღემდე მხოლოდ გროვერ კლივლანდი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პირველი ვადის დასრულებისა და არჩევნებში დამარცხების შემდეგ თეთრი სახლი დატოვა და 4 წლის მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა ოფისს. იგი პირველად 1885 წელს გახდა პრეზიდენტი, მეორედ კი 8 წლის შემდეგ, 1893 წელს.
AP-ის ფოტოზე: აშშ-ის პრეზიდენტი გროვერ კლივლანდი 1892 წლის 9 აგვისტო