საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნული ბანკის მუშაობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ სებ-ის წყალობით ლარმა სიმყარე შეინარჩუნა, თუმცა როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ბევრი მსურველია იმისა, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდეს და მათ შორისაა, პარლამენტის წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, რომელსაც პაპუაშვილის თქმით, ალბათ, გაუფასურებული კუპონი ესიზმრება და „ყვავივით დასჩხავის ხოლმე“ ლარს.
„ის რეზერევბი ამიტომაც გვაქვს, რომ ასეთ დროს, როდესაც ასეთი მავნე თავდასხმები ხდება საქართველოზე ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან, ეს რისკები აარიდოს. როგორც ხედავთ, შედეგებით, ეროვნული ბანკი ძალიან გამართულად მუშაობს. ბევრ ასეთ ბანკს შეშურდებოდა, რომ ასეთ რთულ, ზოგადად, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როგორც ჩვენ ვართ, ასეთ არასტაბილურ რეგიონში, როგორც ჩვენ ვართ, და ასეთი პირდაპირი საინფორმაციო თავდახმის პირობებში, როგორიც ჩვენ ვიყავით წინასაარჩევნოდ და ახლაც, ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა ჩვენი ვალუტის სიმყარე. ვხედავთ ხოლმე, რომ არის ბევრი მსურველი, განსაკუთრებით ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის წევრი, ბატონი რომან გოცირიძე გამოირჩევა, რომელსაც ალბათ მისი გაუფასურებული კუპონი ღამით ესიზმრება ხოლმე და ცხოვრების დაღად აქვს დასმული და ყვავივით დასჩხავის ხოლმე ჩვენს ლარს და ყოველ ჯერზე, რამდენიც ინტერვენცია იქნება ეროვნული ბანკისგან, სიხარულით გამოვარდება ხოლმე და ამ ბოლო პერიოდში, ყვითელ ფონიანი პოსტებით, ასე ვთქვათ, მაწაკი პოლიტიკოსივით, ყვავივით დასჩახავლებს ლარს, რომ იქნებ რაღაც დაემართოს ლარს და იქნებ მისი ცოდვები სხვა პრობლემებმა გადაფაროს. ის, რაც მან თავის დროზე კუპონს დააწია, ძალიან უნდა, როგორც ჩანს, რომ ლარს დააწიოს. მაგრამ ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი ძალიან გამართულად მუშაობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.