საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ ბეიჯინგში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში – Sibos მიიღო მონაწილეობა.
Sibos SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიური კონფერენცია, გამოფენა და ქსელური ღონისძიებაა, რომელიც განკუთვნილია ფინანსური ინდუსტრიისთვის. ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გლობალური ფინანსური საზოგადოების წარმომადგენლები მსჯელობენ და თანამშრომლობენ გადახდების, ფასიანი ქაღალდების, ფულის მართვისა და ვაჭრობის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ფორუმის ფარგლებში ეკატერინე გალდავამ ოფიციალური შეხვედრები გამართა სხვადასხვა ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო საგადახდო სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელობას, ფასიანი ქაღალდების და ფულის მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და შემდგომში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ღონისძიების ფარგლებში ასევე მონაწილეობა მიიღო ფინანსური საზოგადოების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან დისკუსიებში.
საერთაშორისო ბიზნეს ფორუმ Sibos-ს არსებობის 46-წლიანი ისტორია აქვს. ფორუმში ყოველწლიურად ფინანსური ეკოსისტემის ათასობით ბიზნეს ლიდერი, გადაწყვეტილების მიმღები და თემატური ექსპერტი მონაწილეობს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.